არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დავით გარეჯის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა სიაშია
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დავით გარეჯის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა სიაშია

არსებული ინფორმაციით, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მდივანი მინდია ჯანელიძე დაკითხულ მოწმეთა სიაშია.

ჯერ უცნობია, რა ჩვენება მისცა მინდია ჯანელიძემ.

საქართველოს პირველი არხი კომენტარისთვის ყოფილ მინისტრს დაუკავშირდა. როგორც მინდია ჯანელიძემ განაცხადა, „ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს“.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე) ზურაბ ნოღაიდელი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე ​გამოკითხეს.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.