პრეზიდენტმა 232 პირი შეიწყალა
216 პატიმრისთვის ციხის კარი გაიღო.
გიორგობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა შეწყალების რიგით მეექვსე აქტი გამოსცა. 232 შეწყალებულიდან 216-ს საპატიმრო, 16-ს კი არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა მისჯილი. შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდნენ 2024 წლის გაზაფხულზე და ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს დაკავებულებიც. სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 15 მაისს დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა, რომელსაც ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ასევე გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა და ირაკლი მეღვინეთუხუცესმა. მათ აქციების დროს სხვადასხვა ქმედებას ედავებოდნენ, ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ნაწილს კი სამართალდამცავებზე თავდასხმებს. შეწყალებულთა ნაწილმა ამ მექანიზმით სარგებლობისკენ სხვა პატიმრებსაც მოუწოდა. აქციების დროს დაკავებულთა მიმართ ხელისუფლების შეთავაზება, ანუ დანაშაულის აღიარების საფუძველზე შეწყალების და საპროცესო შეთანხმების მექანიზმის ამოქმედება ძალაში რჩება.