პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა გლდანისა და ქსნის პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვეს
გიორგობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა გლდანისა და ქსნის პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვეს. მათ შორის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა, გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
გათავისუფლებულთა ნაწილის თქმით, შეწყალება არ უთხოვია, ნაწილმა კი კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. მათ შორის, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება დოკუმენტი, რომელშიც პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 ადამიანი შეიწყალა.