გენადი მარგველაშვილი - პროექტი „ტელესკოლა“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი გამოყენება შეუძლია ყველა მოსწავლეს, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერთან
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქვეყანაში საგაგნგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს უჭერს.
როგორც გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, სწავლის აღდგენის გადავადების პერიოდში იმისთვის, რომ მოსწავლეებს მიეღწიათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისთვის და სწავლის პროცესში წყვეტა არ ყოფილიყო, სახელმწიფო ინსტიტუტებმა დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაიწყეს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია პროექტი „ტელესკოლა“.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განათლების ტელევიზიად გარდაიქმნა, ეთერით გადაიცემა სასკოლო გაკვეთილები I-XII კლასებისთვის. აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი გამოყენება შეუძლია ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერთან, მეორე არხის სიხშირე ფარავს მთელ საქართველოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
გენადი მარგველაშვილის განცხადებით, „ტელესკოლის“ გარდა. სახელმწიფო ინსტიტუტებმა სკოლებს Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. საქართველოს საჯარო სკოლებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი). საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები მოხალისეობრივად ეხმარებიან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დანერგვაში. ასევე მისი თქმით, შექმნილია ფეისბუქის ჯგუფი, სადაც EMIS-ის თანამშრომლები და „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები პასუხობენ Microsoft Office 365-ის პროდუქტების დისტანციური სწავლების მიზნებისთვის გამოყენების დროს წამოჭრილ კითხვებს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად დისტანციური სწავლების ფორმატი დანერგეს, როგორც უმაღლესმა, ასევე პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა გრიფირება მინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები, ასევე გამომცემლობებმა გარკვეული ვადით მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საკუთარი წიგნების ციფრულ ვერსიაზე უფასო წვდომა დაუშვეს.
რაც შეეხება მოსაზრებას წლის აკადემიურ სემესტრად გამოცხადების თაობაზე, გენადი მარგველაშვილის აზრით, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს 2020-2021 სასწავლო წელს პირველ კლასელ მოსწავლეთა მიღების საკითხი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მეთორმეტე კლასელების სკოლიდან გაშვების გარეშე შეძლოს პირველკლასელთა ნაკადის მიღება“, – განაცხადა მან.
განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ექიმებს, ასევე მასწავლებლებს, რომლებიც მისი თქმით, ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ახალ მეთოდებს ამკვიდრებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა სისტემამ მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს, შენარჩუნდეს სწავლის უწყვეტობა.