ლაშა ხუციშვილი - 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს
ლაშა ხუციშვილი - 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რის შემდეგაც 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი ისევ ინვესტიციების კომპონენტია.

„მიმდინარე წელს ჩვენ ეკონომიკურ ზრდას – 6,5 პროცენტს ველოდებით, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 5,2 პროცენტია. 2023 წლის ბოლოსთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30 000 დოლარს მიაღწევს“,  – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.