გელა ხანიშვილი - აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე არ ფიქსირდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის მტკიცებით, აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე არ ფიქსირდება.
როგორც ჟურნალისტებს ხანიშვილმა განუცხადა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დამუშავებულია 10 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი და სამუშაო პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
მისი ცნობით, აზიური ფაროსანას მიერ ყველაზე მეტად დაზიანებულია აფხაზეთის მიმდებარე ტეროტორია.
„აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე აღმოსავლეთ საქართველოში არ ფიქსირდება. ვფიქრობთ, მთლიანობაში შევძლებთ, რომ დასავლეთ საქართველო სრული კონტროლის ქვეშ ავიყვანოთ, მაგრამ გავრცელების არეალი ჩვენზე დამოკიდებული არ არის. დღეის მდგომარეობით, აღმოსავლეთ საქართველოში დამაიმედებელი რეალობაა“, – აღნიშნა ხანიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელებისთვის აბაშაში შექმნილია შტაბი, ღონისძიებების გასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 50 მილიონ ლარამდე და დასავლეთ საქართველოში 150 მეტ ერთეულზე მეტი საწამლე აპარატი მუშაობს.