გელა ხანიშვილი - სასურსათო მარაგები გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რა შემოდის ქვეყანაში
გელა ხანიშვილი - სასურსათო მარაგები გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რა შემოდის ქვეყანაში

სასურსათო მარაგები გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რა შემოდის ქვეყანაში. ზოგადად სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი არის იმპორტის დივერსიფიკაცია, რომელსაც 2012 წელს შეცვლილმა პოლიტიკურმა ვექტორმა ჩაუყარა საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, აგრობიზნესის განვითარების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს, რაც მიმდინარე პანდემიის ფონზე კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა.

ხანიშვილის განმარტებით, ქვეყანაში სასურსათო მარაგები უზრუნველყოფილია მთავრობის იმ პოლიტიკის წყალობით, რომელმაც იმპორტის დივერსიფიცირებაზე გააკეთა აქცენტი.

„ამ ყველაფრის საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, როდესაც ქვეყანამ შეიცვალა პოლიტიკური ვექტორი, ერთი იმპორტიორის და შემომტანის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ბიზნესი დაიშალა და საქართველოში ფაქტობრივად ყველას მიეცა ბიზნესის კეთების საშუალება. დივერსიფიკაციაში ვგულისხმობ, რომ მარტო ზეთის შემომტანი არის 300-ზე მეტი კომპანია. ანუ მოხდა როგორც იმპორტიორი ქვეყნების დივერისიფცირება, ისე ქვეყნის შიგნით იმპორტიორების რაოდენობის ზრდა“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ქვეყანაში საქონლის შემოდინებას. რაც შეეხება სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტზე მთავრობის მიერ ფასების სუბსიდირებას, ეს პროექტი მხოლოდ ორ თვეს გასტანს.

„მარაგები გვაქვს. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რა შემოდის ქვეყანაში. ეს ეხება პრაქტიკულად ყველა იმ პროდუქტს, რომელზეც სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს. ცხრა დასახელების უმნიშვნელოვანეს პროდუქციაზე ფასის კონტროლი გათვლილია ორ თვეზე და ამის მერე ვვარაუდობთ, რომ აღარ დასჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა ხანიშვილმა.