გელა ხანიშვილი - დღეს ნათლად ჩანს, რომ მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არჩეული კურსი და გაწეული ფინანსირება იყო ეფექტური
გელა ხანიშვილი - დღეს ნათლად ჩანს, რომ მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არჩეული კურსი და გაწეული ფინანსირება იყო ეფექტური

ექვს წელიწადში შეუძლებელია, რომ სოფლის მეურნეობა აბსოლუტურად მდგრადი გახდეს, მაგრამ დღეს ნათლად ჩანს, რომ მთავრობის მიერ არჩეული კურსი და გაწეული ფინანსირება იყო ეფექტური, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ცხრა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, მცენარეული ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო) სახელმწიფოს მიერ ფასების სუბსიდირების საკითხი და ზოგადად ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება განიხილეს.

დისკუსიის დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართ ბოლო ექვსი წლის მანძილზე გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში სურსათის საწარმოები წარმატებით მუშაობენ და სტაბილურ მარაგებს ქმნიან.

„მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები სოფლის მეურნეობაში (2013 წლის შემდეგ) და დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები იყო სწორი. ამის შედეგია, რომ დღეს სასურსათო კომპონენტში წარმატებით ვამუშავებთ 200-ზე მეტ ახალ საწარმოს, 940-ზე მეტ გადაიარაღებულ საწარმოს. ამ საწარმოთა უმრავლესობა გვაძლევს საშუალებას, ცალკეულ სასურსათო კომპონენტში მდგრადი სტაბილური მარაგებზე ვისაუბროთ. მაგალითად, ვსაუბრობთ ისეთ მარაგებზე, რითაც უზრუნველყოფს მარნეულის სასურსათო კომბინატი, კასპის სასურსათო კომბინატი, „კულა“ გორში, თუნდაც რომელიც აწარმოებს წვენებს, ხილფაფებს,ჯემებს, ბევრ ისეთ პროდუქტს, რომელთა დეფიციტიც თაროებზე მომხმარებელს არ უგრძვნია. რა თქმა უნდა, ექვს წელიწადში შეუძლებელია, რომ სოფლის მეურნეობა აბსოლუტურად მდგარდი გახდეს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მთავრობის მიერ არჩეული კურსი და გაწეული ფინანსირება იყო ეფექტური და ეს დღეს ნათლად ჩანს. თუმცა უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რაც კიდევ გასაკეთებელი გვაქვს“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მისი მოსაზრებით, ქვეყანაში არც იმპორტირებული პროდუქტის დეფიციტია მოსალოდნელი, რადგან ქართული ბიზნესი ფეხზე მყარად დგას.

„ამ დღეებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მოსახლეობას მოთხოვნა ისეთ პროდუქციაზეც აქვს, რომლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. ზოგადად ქვეყანაში გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მარაგები საკმარისზე მეტია, რადგან ქართული ბიზნესი ფეხზე წარმატებულად დადგა. მარტივად გეტყვით, თუ 2012 წლამდე ხელზე ჩამოსათვლელი იყო ბიზნესი, რომელსაც ესა თუ ის პროდუქცია შემოჰქონდა ქვეყანაში, დღეს მარტო მცენარეული ზეთის შემომტანი კომპანია 300-ზე მეტია და ასეა ყველა პროდუქციის მიხედვით დივერსიფიცირებული. ეს ქმნის მდგრადობას საწყობებში დღეს არსებული ნაშთების მიხედვით, მდგრადობას მოწოდებაში თავისი ხელშეკრულებით, პარტნიორობით, რაც ქვეყნის და ბიზნესის განვითარების მიღწევაა“, – განუცხადა გელა ხანიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.