გედევან ფოფხაძე - ქართულ მხარეს მაია ოთინაშვილის გათავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია
გედევან ფოფხაძე - ქართულ მხარეს მაია ოთინაშვილის გათავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის გედევან ფოფხაძის განცხადებით, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს მაია ოთინაშვილის გათავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია.

როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, ქართულ მხარეს საქმე ისეთ პოლიტიკურ სუბიექტთან აქვს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ცნობს და რომელმაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ხდება. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რესურსი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება და საერთაშორისო რეზოლუციებში ამ ყველაფრის ასახვაა. ამასთანავე, ხაზი იმას უნდა გაესვას, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევს და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა ხდება. არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს, ერთი კონკრეტული სახელმწიფო ანკლავებს ქმნიდეს და ანკლავებზე ადამიანის უფლებებს ტოტალურად არღვევდეს. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ზეწოლა უნდა იყოს და ეს შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.