გათავისუფლებული მეზღვაურები ლიბიის საპატიმროში გატარებულ პერიოდს იხსენებენ
ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული მეზღვაურები რომან კაკალაძე და გენო კომახიძე ყვებიან, რომ ლიბიის საპატიმროში რთულ პირობებში უწევდათ ყოფნა.
როგორც ერთ-ერთი მეზღვაური გენადი კომახიძე იხსენებს, პრობლემები ძირითადად ციხის ადმინისტრაციასთან იქმნებოდა.
„საყოფაცხოვრებო პირობები იყო ძალიან რთული, გვეძინა ქვაზე. ქვაზე დაგდებული იყო პლედები და ასე გვეძინა ორი წელი და ოთხი თვე. ყოველ დღე გვაწუხებდა წელის და ფეხის ტკივილი. ამ ორი დღის განმავლობაში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა, თავისუფალი რომ ვარ, ალბათ ამიტომ. ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები იყო რადგან მინდოდა დავკავშირებოდი ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს. ტელეფონი მინდოდა, რომ კვირაში ერთხელ ცოცხალი რომ ვიყავი, მეთქვა.
ტელეფონს ვმალავდით, რომ ენახათ, კარცერში გადამიყვანდნენ ორი თვით და ფიზიკურად დაგვსჯიდნენ. ფიზიკური დასჯისას ფეხებს გვიკრავდნენ და ფეხის გულებში გვირტყამდნენ.
არაფერი სამედიცინო მომსახურება არ იყო, არც წამლები. მხოლოდ თურქეთის საკონსულო გვეხმარებოდა. ასევე სანდრო ჭელიძე და თამარ იოსელიანი დაგვეხმარა, თუ რამე შეეძლოთ გვიგზავნიდნენ“, – იხსენებს გენო კომახიძე.
მისივე თქმით, ლიბიამ რამდენჯერმე დაარღვია კანონი, როდესაც მათ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.
„ლიბიის კანონების თანახმად სამი თვის შემდეგ როცა მთავრდება აღსრულების ვადა, ფაქტობრივად ყველა ჯარიმა გვეხსნება. დაგვიმთავრდა სასჯელაღსრულების ვადა, სამი თვე გავიდა, თავისუფლები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ არავინ არ გვიშვებდა. ისევ დაარღვიეს ლიბიელებმა თავისივე დაწერილი კანონი და აქ ჩაერთო ისევ ჩვენი სამინისტრო. კარგად იმუშავა და დღესდღეობით ჩვენ თავისუფლები ვართ“, – განაცხადა გენადი კომახიძემ.
კიდევ ერთი გათავისუფლებული მეზღვაური რომან კაკალაძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიურად იმუშავა მათ გასათავისუფლებლად.
„მადლობა უფალს დავბრუნდით ოჯახში. დიდი მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ადმინისტრაციას, ასევ თურქეთის საკონსულოს ლიბიაში, რომელიც დიდ ყურადღებას გვაქცევდა. ძალიან რთული პირობები იყო და აღარ მინდა გახსენება.
ოჯახთან კონტაქტი იშვიათად გვქონდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მარტივად მქონდა კონტაქტი, იმიტომ რომ გადაყვანილი ვიყავი „ვირუს ბლოკში“ საქართველოს მთავრობის დამსახურებით“, – განაცხადა რომან კაკალაძემ.
ქართველი მეზღვაურები რომან კაკალაძე და გენო კომახიძე ლიბიაში 2017 წელს დააკავეს.
ისინი პატიმრობიდან 17 დეკემბერს გათავისუფლდნენ, სამშობლოში კი, დღეს დილით დაბრუნდნენ.
ქართველ მეზღვაურებს გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა, თუმცა მათ ყველა ბარლდება მოეხსნათ.