გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლოა, შესაძენი ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება დაუბრუნდეთ
ახალგაზრდას, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს და ბინას ყიდულობს, შესაძლოა, შესაძენი ბინის იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა მიეცეს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი მიმდინარეობს საბანკო რეგულაციებში რამდენიმე კორექტივის შეტანაზე.
„როდესაც იპოთეკურ რეგულაციებში ჩავდეთ პირობა, რომ თუ ადამიანს, ვინც ყიდულობს ბინას, აქვს მხოლოდ ერთი ბინა, რომელსაც ის ყიდულობს, ამ ბინის ჩადება არ შეუძლია უზრუნველყოფაში, ჩვენ შეიძლება, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს გადავხედოთ. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, როგორც ვიცით, ცხოვრობს მშობლებთან, ისინი ყიდულობენ ბინას. კიდევაც რომ მოხდეს რაღაც და ადამიანმა ეს ბინა დაკარგოს, ბოლოს და ბოლოს მშობელთან დაბრუნდება საცხოვრებლად. ანუ ასეთი ლოგიკური, მარტივი საკითხები დღესდღეობით განიხილება და ასეთი დაკორექტირებები შეიძლება, მოხდეს. კი ბატონო, რაღაც შემთხვევებში ჩვენ შეიძლება, დავუშვათ, რომ ეს ბინა იყოს ჩადებული. საყოფაცხოვრებო დაკრედიტების თვალსაზრისითაც მიდის ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავაკორექტიროთ, მაგალითად, შემოსავლის მიხედვით კრედიტის გაცემის კოეფიციენტები. შეიძლება, რაღაც შერბილება მოხდეს. მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ყველაფერს იხილავს ეროვნული ბანკი, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში ჩარევას არ ვაპირებთ. ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათთან კონსულტაციებს გავდივართ და ჩვენს აზრს ვთავაზობთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გიორგი ქობულიამ ასევე აღნიშნა, რომ დაკვირვების შედეგად, საჭიროების მიხედვით დაკორექტირდება საბანკო რეგულაციები, მაგრამ ძირითადი ვექტორი არ შეიცვლება.