გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - ნახშირის უკანონო მოპოვებაზე „საქნახშირს“ სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მიემართა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ კომპანია„საქნახშირისგან“ მიმდინარე წლის მარტში ტყიბულში ნახშირის უკანონო მოპოვების ფაქტებზე წერილი მიიღეს.
უწყების ცნობით, ამის შემდეგ კომპანიას განუმარტეს, რომ ლიცენზიის პირობების დაცვის ვალდებულება თავად „საქნახშირს“ გააჩნია, შახტებში შეღწევის მცდელობებზე კი, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა აცნობონ.
„დეპარტამენტი ადასტურებს, რომ შპს „საქნახშირმა“ მოგვაწოდა ინფორმაცია მათ სალიცენზიო ფართობზე მათივე ყოფილი კონტრაქტორის მიერ პერიოდულად წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტებთან დაკავშირებით და ითხოვეს ჩვენგან გამოვლენა-რეაგირება. ამის შემდეგ დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ „საქნახშირის” წარმომადგენლებს, სადაც განემარტათ, რომ ლიცენზიის პირობების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე გააჩნია ლიცენზიის მფლობელს, ანუ „საქნახშირს”. მათვე გააჩნიათ ვალდებულება, უზრუნველყონ კარიერზე უსაფრთხოების მოთხოვნებისა და წესების დაცვა. თუ ექნება ადგილი ამა თუ იმ პირის მიერ, თუნდაც მათი ყოფილი კონტრაქტორების მხრიდან სალიცენზიო ფართობზე, შახტებში მათი ნების საწინააღმდეგოდ შეღწევის მცდელობას, ამის შესახებ უნდა აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, არჩილ ადამიამ.
ტყიბულში, ერთ-ერთ ღია კარიერში 55 წლის მამაკაცი დაიღუპა.
„საქნახშირმა“ განცხადება გაავრცელა, რომ კომპანიას 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ნახშირის მოპოვება რეგიონში შეწყვეტილი აქვს, ღია კარიერებზე კი, მათი ყოფილი კონტრაქტორების მიერ უნებართვო შეჭრა ფიქსირდებოდა. კომპანიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „საქნახშირმა“ რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტო“.