ტაბაწყურის ტბასთან მაშველებმა ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
ტაბაწყურის ტბასთან მაშველებმა ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ტაბაწყურის ტბასთან მაშველებმა ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტურისტია.

როგორც ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ორჯონიკიძემ პირველ არხს განუცხადა, ტურისტის სამძებრო სამუშაოები უამინდობის გამო გართულდა.

„შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტის ძებნაში თავდაპირველად ჩართულიყო ვერტმფრენი, მაგრამ ვერტმფრენი ვერ დაჯდა, რადგან იყო ბურუსი. ამის შემდეგ წავიდნენ მაშველთა ჯგუფები და მხოლოდ თხილამურებს მიაგნეს, თავადაც გაუჭირდათ გამოსვლა, ძალიან გაძნელდა პოვნა. შემდეგ დილით კი მაშველებმა შეძლეს, ეპოვნათ. საწმუხაროდ, გარდაცვლილი ნახეს და ექსპერტიზაზეც გადაიყვანეს. ვიცი, რომ ჩეხეთის მოქალაქეა, მამაკაცია და მისი მეგობრები და თუ არ ვცდები, მეუღლე იმყოფებოდნენ ტაბაწყურში“, – განაცხადა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.