„საქნახშირი“ - 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია
„საქნახშირი“ - 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. ამასთან, კომპანიის განცხადებით, თანამშრომელს, რომელსაც ქვანახშირის კარიერში ეძებენ, დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა.

საქნახშირის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქნახშირის“ ადმინისტრაციის განმარტებით, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა კონტრაქტორ კერძო პირებთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. ასევე, კომპანიამ მიმართა შესაბამისი უწყებებს, გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც კომპანიის ინფორმაციით, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

მას შემდეგ, რაც „საქნახშირმა“ რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტო“.

კომპანიამ წერილობით მიმართა აღნიშნულ უწყებებს რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით. ამასთან, კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს, შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. ვინაიდან კომპანია ფლობდა ინფორმაციას, რომ ხსენებული კონტრაქტორების მიერ ხდებოდა ნახშირის ფარული მოპოვება.

აქვე ვადასტურებთ, რომ აღნიშნული პირი, რომელიც მოყვა ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ, 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მუშას ეძებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55-წლამდე ასაკის მამაკაცი მოიყოლა.