მამაკაცი, რომელსაც ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
მამაკაცი, რომელსაც ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

55 წლის მამაკაცი, რომელსაც ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტში გუშინ, სამი საათის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. სამუშაოებს გრუნტის მასების ჩამოშლის მაღალი საფრთხე და კარიერის ამორტიზებულობა აფერხებდა. ადგილზე მობილიზებული იყო ტყიბულისა და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

როგორც კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, კარიერი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, „საქნახშირს“ არ ეკუთვნის, კერძო მფლობელობაშია და იქ ქვანახშირის მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობს.

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.