გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს ახორციელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები ჰაერის სინჯებს თბილისში ოთხ სხვადასხვა ადგილზე აიღებენ.
სინჯების აღება სპეციალური მოწყობილობის, ასპირატორის საშუალებით ხორციელდება და შემდგომი ანალიზისთვის გარემოს სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნება, შედეგები კი, საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი .
მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ჰაერში ტყვიის გაფრქვევის უმთავრეს წყაროს ტყვიის შემცველი ბენზინი წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული პრობლემა წლების წინ გადაიჭრა. საქართველოში ტყვიაშემცველი ბენზინი 2005 წლიდან აიკრძალა, ხოლო 2016 წლიდან ქვეყანაში საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინი აღარ გამოიყენება.
საქართველოში აქამდე ჩატარებული კვლევების შედეგად, ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მცირე იყო, რასაც სხვადასხვა ლაბორატორიული სინჯებიც ადასტურებდა.
სინჯების აღების პროცესს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოს დაცვის იტალიელი ექსპერტი ჯორჯო არდუინო დაესწრნენ. მათი თქმით, ატმოსფერული ჰაერის კვლევა პერიოდულად მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და მოსახლეობას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდება.