გარემოს დაცვის სამინისტრო ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს 
გარემოს დაცვის სამინისტრო ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

როგორც გარემოს დაცვის ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.

მათივე ინფორმაციი, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.

ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად-გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.