გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობაზე შვიდ თვეში 4 568 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობაზე შვიდ თვეში 4 568 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 2107 ჯარიმა ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 977 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 812 – ბათუმში და 672  – რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4568 სამართალდამრღვევიდან  3 955 – ფიზიკური პირია, ხოლო 613 – იურიდიული პირი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2 767 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1 575 – მიკროავტობუსის, 225 – სატვირთო ავტომობილის, ერთი კი –  ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.