გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ხვალ გვექნება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნა, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას 
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ხვალ გვექნება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნა, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას 

შოვში, სტიქიის ადგილზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ექვსი ჯგუფი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები – გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები, ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან მოდის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ხეობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციის გაანალიზება ხდება.

„ვმუშაობთ, რათა საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როდესაც ასეთი მაღალი არის ემოციური ფონი, მივაწოდოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია. ამ მიმართულებით ჩვენ არცერთი წუთით მუშაობა არ შეგვიჩერებია. დღეს, დილას კიდევ შეფრინდნენ ჩვენი სპეციალისტები ხეობაში, მოხდა ძალიან დეტალურად ხეობის დათვალიერება. ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია, ხვალ უკვე გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციას. ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან უცბად, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდეზვაური მასის ჩამოშლა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა პროცესები ხეობაში, რასაც ასევე თან დაერთო ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები. რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა საქმე. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის მძიმე სურათი, რასაც ვხედავთ ხეობაში. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, რომ როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, დავეყრდნოთ მათ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც საბოლოოდ საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ მძიმე ემოციურ ფონს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან შეიკავონ თავი. სპეციალისტებს დასჭირდებათ დრო, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.