„გარდიანი“ - ბრიტანელი ახალგაზრდები სატელევიზიო ახალ ამბებზე თითქმის სრულად უარს ამბობენ
„გარდიანი“ - ბრიტანელი ახალგაზრდები სატელევიზიო ახალ ამბებზე თითქმის სრულად უარს ამბობენ

დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდების უმეტესობა ახალ ამბებს ტელევიზიის მეშვეობით აღარ იგებს. ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, როგორც „ოფკომის“ კვლევა აჩვენებს, 65 წელს გადაცილებული ბრიტანელები ტელევიზორში ახალი ამბების ყურებას დღეში 33 წუთს უთმობენ. თუმცა, 16-24 წლამდე ასაკის მაყურებელი ახალ ამბებს დღეში მხოლოდ ორი წუთით უყურებს. ამავე კვლევის ავტორთა მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა ნახევარი ახალ ამბებს სოციალური მედიიდან იგებს.

კვლევის ავტორთა მოსაზრებით, სატელევიზიო ახალი ამბების მიმართ ახალგაზრდების ინტერესის დაქვეითება ინფორმაციის მიღების ტრადიციული არხებიდან ალტერნატიულ ინტერნეტსერვისებზე გადართვამ გამოწვია.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ამან შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბრიტანულ პოლიტიკაზე, რადგან, მაგალითისთვის, პოპულარულ ინტერნეტსერვისს, „ნეთფლიქსს“ საერთოდ არ აქვს ახალი ამბები.

ბრიტანელი პოლიტიკოსების უმეტესობა გზავნილის ფართო აუდიტორიამდე მისატანად ყველაზე უკეთეს არხად „ბიბისის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებას მიიჩნევენ.

ამასთან, საინფორმაციო გამოშვება ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ მაინც რჩება. ეს იმის გამო მოხდა, რომ უფროსი ასაკის მაყურებელი ტრადიციულ მედიასაშუალებებს უფრო ენდობა.

ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ბრიტანული მედია დაყოფილია ასაკობრივი და ეთნიკური ხაზებით. უფროსი ასაკისა და თეთრკანიანი მოქალაქეების უმეტესობა ტელევიზიასა და გაზეთებს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ახალგაზრდები და სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სოციალურ მედიას ამჯობინებენ.