განათლების რეფორმის ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ჩაერთვებიან
განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების – „ჰიულეტ-პაკარდის“ (HP), „მაიკროსოფტის” და „აიბიემის“ (IBM) წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განათლების სისტემის განვითარების ხედვასა და განათლების ყველა საფეხურზე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელა.
უწყების ინფორმაციით, განათლების რეფორმის სამუშაო ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერება და ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება რეფორმის შემუშავებისა და მისი განხორციელების ეტაპზე.
ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, განათლების რეფორმის ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ერთიანდებიან.