სოფო გორგოძე - უნდა გადაიხედოს რეგულაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევდა საშუალებას, სასწავლო წლის 30% გაეცდინათ
სოფო გორგოძე - უნდა გადაიხედოს რეგულაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევდა საშუალებას, სასწავლო წლის 30% გაეცდინათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს შეხვდა. სოფო გორგოძემ სტუმრებს გამოცდების ახალი მოდელი გააცნო და კვლევის საბოლოო ანგარიშიც წარადგინა.

საუბარია კვლევაზე, რომლის საფუძველზეც გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სოფო გორგოძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნონ კვლევის შედეგებს, რომელიც ეხება გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

მისივე თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს უცხო ენების სწავლება, განსაკუთრებით, რეგიონებში.

„კვლევის ერთ-ერთი შედეგით, უცხო ენაში თბილისსა და რეგიონებს შორის გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები მოსწრებაში, ამიტომ ერთ-ერთი საკითხი ისიც იქნება, თუ რა შეიძლება ერთობლივად გავაკეთოთ ამ მიმართულებით. კვლევა მიმდინარეობდა დაახლოებით ორი თვის მანძილზე და მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივი კომპონენტს. მოხდა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ყველა იმ კვლევის შეჯერება, რაც დღემდე არსებობდა და ასევე გამოიკითხა ექსპერტები. ოთხმოცამდე ადამიანი იყო ჩართული ინტერვიუებში და ფოკუს-ჯგუფებში. ეს არის შეფასება იმ საგამოცდო და შეფასების სისტემის, რაც გვქონდა დღემდე საქართველოში“,-განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა იყო ერთ-ერთი საფუძველი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილების.

„გამოსაშვები გამოცდები განათლების ხარისხს არ ამაღლებდა და მისი მოხსნა განათლების ხარისხზე არ იმოქმედებს. მნიშვნელოვანია, კომპლექსურად დაიგეგმოს განათლების ხარისხის გაუმჯობესება.  შეფასების ტიპი და ფორმა უნდა შევცვალოთ. აქამდე  გვქონდა ე.წ მაღალი რისკის შეფასებები. მაღალი რისკი ნიშნავს იმას, რომ შეფასების შედეგად, ბავშვს შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგი დაუდგეს. ამის ნაცვლად, ჩვენ დავგეგმავთ შეფასებებს უფრო დაბალ საფეხურებზე.  ვთქვათ, დაწყებითი საფეხურის, საბაზო საფეხურის ბოლოს , რომ დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებს, თვითონ ბავშვებსა და სკოლებსაც იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება გამოსწორდეს. შეფასება გვინდა იყოს უფრო მეტად  განვითარებაზე ორიენტირებული. როცა 12 წლის ბოლოს ბავშვი გამოცდაზე იჭრება, სკოლას არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. ამიტომ, შეგვიძლია დროულად მივცეთ ინფორმაცია, რათა იყოს დრო რაღაცის გაუმჯობესების“,-აცხადებს სოფო გორგოძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გამოცდებით სკოლებში დასწრება არ მომატებულა და პირიქით, უფრო ნაკლები ბავშვი დადის სკოლაში.

„გამოცდების დანიშვნით ბავშვები არ შესულან სკოლებში, პირიქით, უფრო ცუდი დასწრებაა. გამოცდების მოხსნასთან ერთად კიდევ სხვა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს, მაგალითად  ატესტატის შიდა შეფასების საფუძველზე გაცემა, დასწრების შეფასება, ასევე უნდა შემოწმდეს რამდენად ამოწმებს სკოლა და დირექტორი ბავშვების დასწრებას. უნდა გადაიხედოს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ბავშვებს აძლევდა საშუალებას, სასწავლო წლის 30% გაეცდინათ, რაც ფაქტობრივად, მესამედია. ბავშვები ნელ-ნელა უნდა დავაბრუნოთ სკოლაში, მასწავლებელმა და დირექტორმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა, რომ სკოლას მიეცეს მეტი როლი”,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციას  სხვა დაინტერესებულ პირებთანაც გეგმავს.