მარიამ ჯაში - განათლების სამინისტროს პრეზენტაციამდე, ვიცოდით, რომ ხედვას წარადგენდნენ და არა გადაწყვეტილებებს
მარიამ ჯაში - განათლების სამინისტროს პრეზენტაციამდე, ვიცოდით, რომ ხედვას წარადგენდნენ და არა გადაწყვეტილებებს

ვიდრე განათლების სამინისტრო პრეზენტაციას ჩაატარებდა, მე და ჩემს კოლეგებს კომუნიკაციის საფუძველზე გვქონდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა ხედვის წარდგენა და არა გადაწყვეტილებების, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გააკეთა.

მარიამ ჯაშის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები მოითხოვს საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას, რათა საატესტატო გამოცდების შესაბამისი მოდელი რეგულაციებში აისახოს.

„ცვლილებები, რომლებიც დაანონსდა, საკმაოდ მასშტაბურია სისტემისთვის. ვიდრე სამინისტროს მხრიდან პრეზენტაცია შედგებოდა, ჩვენი არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, პირადად მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა ხედვის და არა გადაწყვეტილებების პრეზენტაცია, რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილებები ასევე მოითხოვს საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას, რათა რეგულაციებში აისახოს საატესტატო გამოცდების შესაბამისი მოდელი. ამდენად, მოლოდინი გახლდათ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები შემდგომი განხილვის შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილებით მიიღებოდა, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად აღმოვჩნდით იმ ვითარებაში და საზოგადოებაში შექმნილი მოლოდინის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც ძალიან რთული იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა სამინისტროს წინადადებებში“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, მე-11 კლასის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, ძალიან დადებითი მოლოდინია უშუალოდ მოსწავლეების, მშობლებისა და აკადემიური წრეების ნაწილის მხრიდან.

„ამიტომ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით უკანდახევა დღევანდელი გადმოსახედიდან შეუძლებელი იქნება, თუმცა მინდა გამოვყო რამდენიმე დადებითი ელემენტი, რომელიც იყო სწორი გადაწყვეტილება და სრულად დავუჭერ მხარს ამ ცვლილებებს. უპირველესად, ეს გახლავთ ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო საგამოცდო სიიდან ამოღება. საუბარია არა გაუქმებაზე, არამედ სავალდებულო სიიდან ამოღებაზე, რადგან რეალურად არ ვამზადებდით სკოლაში ამ გამოცდისთვის. შესაბამისად, მშობლებს უწევდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გაღება. დადებითად შემიძლია შევაფასო ის წინადადებაც, რომ ხუთი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთ გამოცდაში არ იქნება წარმატებული, აბიტურიენტს აღარ მოეხსნება გრანტის მიღების უფლება. სამინისტროს ინიციატივით, აბიტურიენტებს ეს უფლება უნდა შეუნარჩუნდეთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.