სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები მომზადდა. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება 11 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ხდება, რაც გულისხმობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას.

ამასთან, კანონპროექტით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მიიღეს, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

დატოვე კომენტარი