საფრანგეთის ატაშე - მისასალმებელია, რომ მოსწავლეებს გამოცდების ტვირთი შეუმსუბუქდათ
საფრანგეთის ატაშე - მისასალმებელია, რომ მოსწავლეებს გამოცდების ტვირთი შეუმსუბუქდათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჩატარებული კვლევა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშეს, ელეონორ გარნიეს თქმით, საფრანგეთშიც არსებობდა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სჭირდებოდათ როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდების, ასევე უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდების ჩაბარებაც. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საფრანგეთში გამოიკვეთა იგივე პრობლემები, რაც საქართველოში.

„ერთი, რომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო მოსწავლეებზე ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად და მეორე, რომ უთანასწორო მდგომარეობაში ვარდებოდნენ მოსწავლეები, როდესაც სკოლის გამოცდების პარალელურად, უხდებოდათ დამატებით მომზადება, რათა წარმატებისთვის მიეღწიათ უნივერსიტეტის გამოცდებშიც“,- აღნიშნა ელეონორ გარნიემ და საფრანგეთში დღეს არსებულ სისტემაზე ისაუბრა.

საფრანგეთის საელჩო​ს ატაშეს თქმით, მისასალმებელია განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შეუმსუბუქდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტვირთი, რადგან ისინი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩატარებულ კვლევებზე, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა სწავლების ხარისხთან და შედეგებთან დაკავშირებით უთანასწორობა რეგიონებსა და დედაქალაქს შორის, ასევე, დიდ ქალაქებსა და სოფლებს შორის.

„დამსწრე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები სიტუაციის გაუმჯობესებისა და სასწავლო დაწესებულებების უკეთესი შედეგების მისაღწევად“, – აღნიშნავენ საქართველოს განათლების სამინისტროში.