სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე კანონპროექტს შესაძლოა, განმეორებით დღესვე უყარონ კენჭი
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე კანონპროექტს შესაძლოა, განმეორებით დღესვე უყარონ კენჭი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე კანონპროექტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დადგეს.

კახიანი ვერ აკონკრეტებს, კანონპროექტის ჩაგდების მიზეზი რა გახდა.

„ჩავარდნის მიზეზს ვერ ვეტყვით. მხარდამჭერების შესაბამისი რაოდენობა ვერ მოგროვდა, ამიტომ რეგლამენტის პროცედურებს უნდა გავყვეთ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ინიციატორს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში განმეორებით დააყენოს აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე. ეს იმიტომ, რომ მესამე მოსმენამდე კანონპროექტი განსახილველად იყო მისული. არ გამოვრიცხავ, დღესვე დადგეს განმეორებით კენჭისყრაზე. თუ დღესვე ვერ მოხდება, მაშინ ორი კვირის შემდეგ, როცა პლენარული სხდომების კვირა იქნება. ვისაც ხმის მიცემა უნდოდა და ვერ მისცეს, მიზეზი თავად უნდა დაასახელონ. ყურადღებით ვუსმენდი და ვიცოდი, კენჭისყრა რა კანონპროექტზე იყო და ხმა მივეცი, მაგრამ სხვა დეპუტატებმა რა მიზეზით ვერ მისცეს, მათ უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

დატოვე კომენტარი