მძლავრი მზის შტორმები, რომლებსაც დედამიწაზე ელექტრონული აღჭურვილობის განადგურება შეუძლია, ყოველ 25 წელიწადში ერთხელ ხდება. ნაკლებად მძლავრი, მაგრამ მაინც სახიფათო შტორმები კი ყოველ სამ წელში ერთხელ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ უორვიკის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის მეცნიერები.
მძლავრ შტორმებს შეუძლია გაანადგუროს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის საკომუნიკაციო საშუალებები, საავიაციო აღჭურვილობა, ელექტროსადგურები და ხელოვნური თანამგზავრები.
ჯგუფმა გამოავლინა ძლიერი მაგნიტური შტორმის ორი ტიპი — „დიდი სუპერშტორმები“ მათ შორის ყველაზე მძლავრია და ხდება საშუალოდ ყოველ 25 წელიწადში. სუსტი, მაგრამ მაინც სახიფათო „მკაცრი სუპერშტორმები“ კი საშუალოდ ყოველ სამ წელში.
მზის შტორმებს გეომაგნიტურ შტორმებს უწოდებენ. ისინი გამოწვეულია მზის აშლილობით, რა დროსაც კოსმოსში იფრქვევა დამუხტული ნაწილაკები. როდესაც ეს ნაწილაკები დედამიწის მაგნიტოსფეროს ურტყამს, წარმოიქმნება შტორმი.
ეს ნაწილაკები შეიძლება მოდიოდეს კორონალური მასის ამოტყორცნიდან (CME), თანამბრუნავი ურთიერთქმედების რეგიონებიდან (CIR) და კორონალური ხვრელებიდან, რომელიც გამოყოფს მზის ქარის მაღალსიჩქარიან ნაკადს, რომელსაც ნორმალურ მზის ქარზე ორჯერ სწრაფად გადაადგილება შეუძლია.
ყველაზე ცნობილი გეომაგნიტური შტორმია 1859 წელს მომხდარი კარინგტონის მოვლენა; ამავე დროს, ის ამ დრომდე დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი გეომაგნიტური შტორმია. ამ შტრომმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მწყობრიდან გამოიყვანა სატელეგრაფო სისტემები, გააჩინა ხანძრები და სრულიად მოსპო ზოგიერთი სატელეგრაფო ოპერატორი.
ყველაზე ბოლოს კი, 1989 წელს, შტორმმა კვებეკში დააზიანა ელექტროგამანაწილებელი სისტემა და წარმოქმნა პოლარული ციალი, რომელიც ტეხასის შტატიდანაც კი ჩანდა.
რაც უფრო ელექტრონულად დაკავშირებული ხდება მსოფლიო, იზრდება მზის შტორმებიდან მომდინარე საფრთხეებიც. ამჯერად, სეროზული ზიანი შეიძლება მიადგეს არა მხოლოდ ელექტროგანამაწილებელ სისტემებს, არამედ ჩვენს გლობალურ კომუნიკაციებსაც.
ყველაზე მოწყვლადი შეიძლება აღმოჩნდეს ხელოვნური თანამგზავრები და შესაბამისად მათზე იმაზე მეტად დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება, ვიდრე ეს ძალიან ბევრ ადამიანს წარმოუდგენია. მეცნიერთა გაანგარიშებით, თუკი კარინგტონის მოვლენის სიმძლავრის შტორმი დღეს მოხდება, გამოიწვევს მილიარდობით, შეიძლება ტრილიონობით დოლარის ზარალს.
მეცნიერებს ეს შტორმები განსაკუთრებით აინტერესებთ იმიტომ, რომ საჭიროა მათი პროგნოზირება. ახალი კვლევა ეფუძნება 150 წლის განმავლობაში მაგნიტური ველის შესახებ შეგროვებულ მონაცემებს. ავტორთა განცხადებით, მათ შეუძლიათ დააფიქსირონ რამდენი მძლავრი შტორმი მოხდა ამ დროის განმავლობაში და რამდენად ხშირად.
უორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევის ავტორი სანდრა ჩაპმენი პრესრელიზში აღნიშნავს, რომ „სუპერშტორმები იშვიათი მოვლენებია, მაგრამ მათი სიხშირის შანსების შეფასება მნიშვნელოვანია იმ ზარალის შესამცირებლად, რისი მოყენებაც მათ შეუძლიათ.
კვლევის ფარგლებში ავტორებმა გაარკვიეს, რომ ამ 150 წლის განმავლობაში „სასტიკი“ მაგნიტური შტორმი 42-ჯერ მოხდა, ანუ დაახლოებით ყოველ სამ წელში ერთხელ. უფრო ძლიერი, „დიდი“ სუპერშტორმები კი 150 წელიწადის განმავლობაში ფიქსირდება ექვსჯერ, ანუ ყოველ 25 წელიწადში ერთხელ. როგორც წესი, შტორმები მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება, მაგრამ მაინც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის.
სუპერშტორმებს შეუძლია ელექტროენერგიის გათიშვა, თანამგზავრების განადგურება ან დაზიანება, ავიაციის განადგურება და GPS სიგნალებისა და რადიოკომუნიკაციების დროებითი დაკარგვა.
სანდრა ჩაპმენის განცხადებით, ეს კვლევა გვთავაზობს ისტორიულ მონაცემებთან მიდგომის ახალ მეთოდს, რათა უკეთესად შევძლოთ სუპერშტორმების სიხშირის გარკვევა.
კარინგტონის მოვლენა კვლევის ნაწილი არ ყოფილა, რადგან მკვლევრებს შესაბამისი მონაცემები არ გააჩნდათ. მაგნიტური ველის შესახებ მათ ხელთ არსებული მონაცემები შეგროვებული იყო გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის სადგურების მიერ. მოიცავს მზის ბოლო 14 ციკლს და წინ უსწრებს კოსმოსურ ხანას.
როგორც ანალიზები აჩვენებს, კარინგტონის მსგავსი შტორმები შეიძლება იმაზე ხშირი იყოს, ვიდრე გვგონია და ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, ძალიან მცირე წინაპირობებით.
ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის კოსმოსური ამინდის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ რიჩარდ ჰორნის განცხადებით, მათმა კვლევამ აჩვენა, რომ სუპერშტორმების შეიძლება იმაზე ხშირად მოხდეს, ვიდრე გვგონია. თანაც, ის შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, მაგრამ უბრალოდ არ ვიცით, როდის და ამჟამად მისი პროგნოზირებაც შეუძლებელია.
ეს შტორმები მზეში იბადება, მაგრამ კოსმოსურ ამინდზე დაკვირვება შესაძლებელია დედამიწის ზედაპირზე მაგნიტური ველის ცვლილებებზე დაკვირვებით. არსებობს მრავალი სადგურის მიერ 1957 წლიდან შეგროვებული მაღალი ხარისხის მონაცემები.
მეცნიერთათვის ცნობილია, რომ მზეს აქვს აქტივობის დაახლოებით 11-წლიანი ციკლი, რა დროსაც მზის ინტენსივობა ცვალებადია. პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ ეს მონაცემები საკმარისი არ არის, რადგან მოიცავს მზის მხოლოდ ხუთ ციკლს.
მძლავრი შტორმებისა და მათი მოხდენის სიხშირის უკეთ შესწავლა მოითხოვს უფრო მეტ მონაცემს, მზის მეტი ციკლით. ახალ კვლევაში კი, მეცნიერები წარსულში საკმაოდ შორს წავიდნენ.
მათ შეისწავლეს aa გეომაგნიტური ინდექსი, რომელიც შედგენილია დედამიწის ორ მოპირდაპირე ადგილას, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში მდებარე სადგურთა მონაცემებით. aa ინდექსი აუქმებს დედამიწის ფონურ ველს და მიდის 150 წლის უკან, ანუ მოიცავს მზის 14 ციკლს. ეს გახლავთ ყველაზე გრძელი, თითქმის უწყვეტი ჩანაწერი დედამიწის ზედაპირზე მაგნიტური ველის ცვლილებების შესახებ.
დასკვნამდე მისასვლელად, ჯგუფმა გამოიყენა aa ინდექსის რამდენიმე მოწინავე პროცენტის წლიური საშუალო. შედეგად, დაადგინეს, რომ „მკაცრი“ სუპერშტორმები 150 წლის განმავლობაში 42-ჯერ მოხდა, უფრო მძლავრი, „დიდი“ სუპერშტორმები კი ექვსჯერ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მძლავრი სუპერშტორმები 25 წელიწადში ერთხელ ხდება. მაგალითად, 1989 წლის შტორმი, რომელმაც კვებეკი დააზარალა, „დიდი“ სუპერშტორმი იყო.
რამდენიმე წლის წინ, ასეთ შტორმს სულ ოდნავ ავცდით. 2012 წელს, მზიდან განსაკუთრებით დიდი და მძლავრი კორონალური მასის ამოფრქვევა მოხდა. საბედნიეროდ, მაშინ დედამიწა ამ ნაკადის მიმართულებით არ აღმოჩნდა. თუმცა, როგორც მონაცემები აჩვენებს, მას რომ ჩვენთვის დაერტყა, ზიანი ნამდვილად დიდი იქნებოდა.
მზისა და მის მიერ წარმოქმნილი კოსმოსური ამინდისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. რაც უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრების წესი თანამგზავრებზე, კომუნიკაციებზე, ელექტროსისტემებზე, ხელისუფლებები და სხვადასხვა სააგენტოები კოსმოსურ ამინდში გარკვევას და მის პროგნოზირებას პრიორიტეტად ისახავენ.
ამ დროისათვის, მზეს რამდენიმე კოსმოსური ხომალდი სწავლობს. მათ შორის არის SOHO (მზის ჰელიოსფერული ობსერვატორია), SDO (მზის დინამიკის ობსერვატორია), პარკერის მზის ზონდი და ჰავაიზე რამდენიმე კვირის წინ გახსნილი დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპი, რომელმაც უკვე შემოგვთავაზა მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტო ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზონდი პარკერი, რადგან ის მზესთან წარმოუდგენლად ახლო მანძილზე მივა და გააუმჯობესებს ჩვენს შესაძლებლობებს ამ შტორმთა პროგნოზირებისთვის.
კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.