გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრაზე ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ინციდენტებზე ისაუბრებენ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე.
„დღევანდელ შეხვედრაზე ცხადია, ვისაუბრებთ ყველა იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევე, როგორც მთლიანად რეგიონში. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება აუცილებლად გამახვილდება ოთხოზორიას საქმეზე, იმ მიმართულებით, რომ დე ფაქტოების მხრიდან, ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია ამ საქმეს და ჩვენ საერთაშორისო მედიატორებს და სხვა მონაწილეებს კვლავაც უნდა შევახსენოთ, რომ აუცილებელია ამ საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ამასთან, მისი თქმით, საუბარი შეეხება საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 22 თებერვალს დაკავებული მალხაზ წურწუმიასა და 13 მარტს გიორგი ზარანდიას დაკავების საკითხებს.