გალაქტიკური შეჯახება, რომელმაც შესაძლოა, მზის სისტემა კოსმოსში გატყორცნოს
ახლომახლოს მტერი იმალება. მართალია, წყნარად მოძრაობს ჩვენი გალაქტიკის გარშემო, მაგრამ შორეულ მომავალში, ერთ მშვენიერ დღესაც, მან შესაძლოა, მზის სისტემა ირმის ნახტომიდან ამოაგდოს და უსასრულო სივრცეში გატყორცნოს.
მისი სახელია მაგელანის დიდი ღრუბელი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილი გალაქტიკას ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკებს შორის. მიუხედავად ამისა, ასტროფიზიკოსებმა მხოლოდ ახლა დაადგინეს, რომ ის უჩვეულოდ დიდი კოსმოსური საფრთხეა.
ახალი კვლევის მიხედვით, მაგელანის დიდი ღრუბელი ჩვენს გალაქტიკასთან შესაჯახებლად მოემართება და ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
თუკი 2 მილიარდი წლის შემდეგ დედამიწაზე ადამიანები კიდევ არსებობდნენ, ჩვენი შთამომავლობა ნამდვილად დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
შესაძლოა, ამ შეჯახებამ გააღვიძოს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული, ამჟამად მიძინებული შავი ხვრელი. თუ ასე მოხდა, ეს შავი მხეცი მიმდებარედ გაანადგურებს ყველაფერს და ზომაში ათჯერ გაიზრდება.
მიმდებარედ არსებული გაზის შთანთქმასთან ერთად, დაიწყება ნამდვილად თვალწარმტაცი შოუ, რასაც მკვლევრები „კოსმოსურ ფოიერვერკსაც“ უწოდებენ.
კვლევის ავტორის, მარიუს კოტუნის განცხადებით, ამ ფენომენის დროს შავი ხვრელის სიახლოვეს წარმოიქმნება მაღალენერგიული რადიაციის ნაკადები.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მზის სისტემაზე გავლენას არ იქონიებს, მაინც არსებობს მცირე შანსი, რომ ორი გალაქტიკის შეჯახებას დაუზიანებელი ვერ გადავურჩეთ, მზის სისტემა ადგილიდან ამოვარდეს და ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიტყორცნოს.
ორი მილიარდი წელი შეიძლება ძალიან დიდ დროდ ჩანდეს, მაგრამ კოსმოსური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ მცირე პერიოდია. გარდა ამისა, ეს მოვლენა რამდენიმე მილიარდი წლით უფრო ადრე მოხდება, ვიდრე კიდევ ერთი, უფრო დიდი შეჯახება ირმის ნახტომსა და მის უზარმაზარ მეზობელ გალაქტიკას, ანდრომედას შორის.
შეჯახებები ირმის ნახტომისთვის უცხო არ არის. მის გარშემო წყნარად მოძრაობს მრავალი პატარა თანამგზავრი გალაქტიკა.
ამ გალაქტიკებს დამოუკიდებლად არსებობა მილიარდობით წლის განმავლობაში შეუძლიათ, მაგრამ ხანდახან ხდება ისიც, ისინი დედაგალაქტიკის ცენტრისკენ ეშვებიან და საბოლოოდ, სრულად შთაინთქმებიან.
ამ გზით გალაქტიკები მუდმივად ვითარდებიან და იზრდებიან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ირმის ნახტომი ამ მხრივ სრულიად განსხვავებულია და არც თუ ისე კარგი მადა აქვს.
შედარებისათვის უნდა ითქვას, რომ მეზობელი ანდრომედას გალაქტიკა 30-ჯერ უფრო ხშირად სანსლავს მიმდებარე გალაქტიკებს.
კვლევის თანააავტორის, ელაის დისონის განცხადებით, არსებობის განმავლობაში ირმის ნახტომს სულ რამდენიმე დაბალმასიანი გალაქტიკა ჰყავს გადასანსლული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იგივე მასის მქონე ახლომდებარე გალაქტიკებთან შედარებით.
თუმცა, მაგელანის დიდი ღრუბელი ირმის ნახტომის პირველი შედარებით მოზრდილი მსხვერპლი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენს მეზობლად მხოლოდ 1,5 მილიარდი წლის წინ მოვიდა, ამჟამად მას ჩვენს გალაქტიკასთან მხოლოდ 163 000 სინათლის წელიწადი აშორებს, რაც ათჯერ ნაკლები მანძილია ანდრომედასთან შედარებით.
აქამდე ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ მაგელანის დიდი ღრუბელი თავისთვის, წყნარად, კიდევ მრავალი მილიარდი წელი იმოძრავებდა ირმის ნახტომის გარშემო და საბოლოოდ, შესაძლოა, გაქცეოდა კიდეც.
თუმცა, როგორც ბოლო კვლევებით დადგინდა, ის იმაზე თითქმის ორჯერ მეტ ბნელ მატერიას შეიცავს, ვიდრე გვეგონა.
გამომდინარე იქიდან, რომ მისი მასა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მაგელანის დიდი ღრუბელი სწრაფად კარგავს ენერგიას. შესუსტებასთან ერთად, ის ირმის ნახტომისგან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებს.
მკვლევართა განცხადებით, ირმის ნახტომის მიერ მაგელანის დიდი ღრუბლის შთანთქმა ჩვენს გალაქტიკაში დიდ ქაოსს გამოიწვევს, გააღვიძებს მის ცენტრში გაწოლილ სუპერმასიურ შავ ხვრელს და ჩვენს გალაქტიკას აქტიურ გალაქტიკურ ბირთვად, ანუ კვაზარად გადააქცევს.
კვლევა ჟურნალ The Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია dur.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.