გალაპაგოსზე, მეცნიერთა თვალწინ, ფრინველის სრულიად ახალი სახეობა წარმოიშვა
გალაპაგოსზე, მეცნიერთა თვალწინ, ფრინველის სრულიად ახალი სახეობა წარმოიშვა

პირველად ისტორიაში, მეცნიერებს საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ რაღაც გასაოცარს, ისეთს, რასაც ყოველდღე ვერ ნახავენ: სრულიად ახალი სახეობის ევოლუციას, ველურ გარემოში, რეალურ დროში. ამ ყველაფერს კი მხოლოდ ორი თაობა დასჭირდა.

ახლახან, გენომის თანმიმდევრობის დადგენამ და ფიზიკური მახასიათებლების ანალიზებმა, დარვინის სკვინჩას ახალი სახეობა ოფიციალურად დაადასტურა. ეს ფრინველი გალაპაგოსის ერთ-ერთი პატარა კუნძულის — დაფნეს ენდემია. აღმომჩენებმა მას დიდი ჩიტი უწოდეს.

არსებობს დარვინის სკვინჩას 15-მდე სახეობა. ეს სახელი მას იმიტომ ეწოდა, რომ მათი მრავალფეროვნება დიდად დაეხმარა სახელგანთქმულ ბუნებისმეტყველ ჩარლზ დარვინს, ბუნებრივ გადარჩევაზე დაყრდნობით ჩამოეყალიბებინა თავის თეორია ევოლუციის შესახებ. ბუნებრივი გადარჩევა გულისხმობს, რომ მუტაციას შეუძლია დაეხმაროს სახეობას, რათა უკეთ მოერგოს თავის გარემოს და ეს მომავალ თაობებსაც გადასცეს.

ამ შემთხვევაში, შეჯვარდა ორი სახეობა, რასაც ჰიბრიდიზაციას უწოდებენ და შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი სახეობა.

კუნძულ დაფნეზე ექსპედიციის დროს, პრინსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა, პიტერ და როსმარი გრანტებმა არაადგილობრივი, შემოჭრილი სახეობა Geospiza conirostris-ის წარმომადგენელი შენიშნეს.

მას დიდი კაქტუსის სკვინჩასაც უწოდებენ და ბინადრობს გალაპაგოსის სხვა კუნძულებზე, კერძოდ, ესპანიოლაზე, ხენოვესაზე, დარვინსა და ვულფზე.

იქიდან გამომდინარე, რომ იგი ტანით ერთ-ერთი ყველაზე დიდია დარვინის სკვინჩებს შორის და აქვს დაფნეს ადგილობრივი სამი სახეობისგან განსხვავებული ხმა — ახლადმოსული მამრი ყველასგან გამოირჩეოდა.

„მოსვლიდან მალევე შევნიშნეთ, მაგრამ არ დაგვინახავს, საიდან ან როგორ მოვიდა. სხვა ფრინველებისგან იგი იმდენად განსხვავდებოდა, რომ მაშინვე მივხვდით, ის დაფნეზე გამოჩეკილი არ უნდა ყოფილიყო“, — ამბობს პიტერ გრანტი.

ამის შემდეგ, ის შეჯვარდა ორ მდედრთან, რომელთაგან ერთი ადგილობრივ სახეობა Geospiza fortis-ს მიეკუთვნებოდა — მიწაზე მობინადრე საშუალო ზომის სკვინჩებს. შეჯვარებამ ნაყოფი გამოიღო.

შეჯვარება ორ სხვადასხვა სახეობას შორის, რომელიც შთამომავლობით მთარდება, სულაც არაა უჩვეულო. ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითია ჯორი — მამალი ვირისა და ფაშატის შეჯვარების ნაყოფი. ასევე არსებობენ ლიგრები — მამრი ლომისა და მდედრი ვეფხვის ნაშიერები.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული სახეობები ხშირად სტერილურია ან გამრავლებას თან ახლავს მთელი რიგი სირთულეები — რაც ასე არ მოხდა ამ ახალი ბარტყების შემთხვევაში. ახალი ხაზი დაიწყო, მათ ეს შესძლეს!

ბარტყებს G. Fortis-ისგან განსხვავებული ხმა ჰქონდათ, ისევე როგორც ნისკარტის განსხვავებული ზომა და ფორმა — ეს კი სწორედ ის მახასიათებლებია, რომლებსაც სკვინჩები პარტნიორების მისაზიდად იყენებენ. რეპროდუქციულად, ახალი სახეობა სრულიად იზოლირებული იყო და გადარჩენისათვის, უნდა შეჯვარებულიყო საკუთარ სახეობასთან.

მაგრამ ეს იყო ფრიად საძნელო ბრძოლა. 2002-2003 წლებში, კუნძულზე არსებული გვალვის დროს, ახალი სახეობა უკვე მეოთხე თაობაში იყო. მოკვდა მხოლოდ ორი ჩიტი.
„როცა წვიმა კვლავ მოვიდა, და-ძმა ერთმანეთთან შეჯვარდა და გამოჩეკეს 26 ბარტყი“, — ამბობს როსმარი გრანტი ინტერვიუში.

„მაგრამ გადარჩა მხოლოდ ცხრა — ერთი მამალი დედასთან შეჯვარდა, დედალი მამასთან, დანარჩენები კი ერთმანეთთან. შედეგად, წარმოიშვა სრულიად ახალი ხაზი“.

იმის გამო, რომ ჰიბრიდული სკვინჩები ზომით ადგილობრივ პოპულაციაზე დიდები იყვნენ, ადვილად შესძლეს მანამდე გამოუყენებელი საკვების ათვისება და გადარჩენა. 2012 წელს, როდესაც გრანტები კუნძულს კვლავ ესტუმრნენ, დაითვალეს ამ ჩიტების 23 ინდივიდი და 8 შეჯვარებული წყვილი.

როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ეს წარმატება ნიშნავს იმას, რომ დარვინის სკვინჩებში ჰიბრიდიზაცია წარსულშიც მრავალჯერ უნდა მომხდარიყო, უნდა წარმოქმნილიყო ახალი სახეობები, რომლებიც გადაშენდებოდნენ ან განვითარდებოდნენ ისეთებად, როგორებსაც დღეს ვხედავთ.

„დაფნეზე რომ მოვიდეს ვინმე ბუნებისმეტყველი და არაფერი იცოდეს იმის შესახებ, რომ ეს სახეობა სულ ახლახანაა წარმქმნილი, მას უთუოდ კუნძულის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთს მიაკუთვნებდა. ეს კი თვალნათლივ წარმოაჩენს დიდხანს მიმდინარე საველე სამუშაოების ფასს“, — ამბობს შვედეთის უფსალის უნივერსიტეტის მკვლევარი ლეიფ ანდერსონი, რომელიც გენეტიკურ ანალიზებს ხელმძღვანელობდა.

ალბათ, ჩარლზ დარვინი ნამდვილად აღტაცებული იქნებოდა.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

კუნძული დაფნე

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი