კარიერა | გაგამარუ - რესტორანში რომ შეხვიდე, შეიძლება ისეთი კერძები ვერ დააგემოვნო, როგორსაც ტოჩინოშინი გააკეთებს [ვიდეო] #1TVSPORT

თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე „გაგამარუმ“, სუმოისტის კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივარს საკუთარი სოციალური ქსელით გასულ წელს ამცნო. იაპონიაში ძალიან პოპულარული და წარმატებული სპორტსმენი, განვლილი კარიერისა და მომავალი გეგმების შესახებ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ესაუბრა და  ბევრი დეტალიც გაამხილა.

ყოფილი „კომუსუბი“ სუმოში შემთხვევით მოხვედრას, წინაღობებით და ტკივილით განვლილი გზას, მიღწეული წარმატებებს და იმედგაცრუებებს, „ტოჩინოშინის“, „ჰაკუჰოს“, სუმოისტების შიდა სამზარეულოსა და სხვა საინტერესო ისტორიებს იხსენებს.

 

სუმოში მოხვედრა

ექვსი წლის ვიყავი ძიუდო რომ დავიწყე. 1998 წელს გადმოვედი თბილისში და დავდიოდი ფიზკულტურულის უკან. ჩვენ წინ პატარა დარბაზი იყო, შტანგებზე იქ დავდიოდი და ტანიდან გამომდინარე, სიდიდის გამო შემომთავაზეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება ჭაბუკებს შორის და თუ სურვილი მექნებოდა იაპონიაში აღმოვჩნდებოდი. ეს მითხრეს და იქედან ორ კვირაში მომიწია იაპონიაში წასვლა.

ეს კიდე ისეთი რამ იყო ოცნებებშიც  კი არ მქონია. ყველაზე დიდი ევროპაზე მეოცნება და უცებ აღმოვჩნდი იაპონიაში. ბავშვობიდან ვოცნებობთ ყველა, რომ იაპონიაში მოვხვდეთ. იქ შემომთავაზეს როგორი რაღაც იცით?!

ჩვენთან არ იყო ისეთი კულტურა და ვარჯიშებიც არ ვიცოდით მაღალ დონეზე და მითხრეს, რომ დარჩი რამდენიმე დღე და ეს ვარჯიშები ჩამოიტანე საქართველოშიო. გადავედი იაპონიის უნივერსიტეტში. ყველა უნივერსიტეტში არის სუმო და მე მოვხვდი „ნიპონ დაიკანუში“, „ნიჩიდაის“ ეძახიან. იქ ჩვეულებრივი ვარჯიშები მიმდინარეობდა. რამდენიმე დღეში საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი და მეკითხებიან ასეთ რამეს – მითარგმნიან რა თქმა უნდა, რომ თუ გადახვალ პროფესიონალურშიო და მივხვდი, რომ იქ ჩემი ცხოვრება და კარიერა იწყებოდა.

დაუფიქრებლად ვუპასუხე და არასდროს არ მინანია, მაგრამ ძალიან რთულ რამეს რომ ვეჭიდებოდი ამასაც ვხვდებოდი. 18 წლის ბიჭი ვიყავი, რომელიც მშობლებს დიდი ხნით არასდროს მოვშორებივარ, შეკრებაზე ვყოფილვარ ორი კვირით და მორჩა. ვხვდებოდი იმას, რომ სახლში დიდი ხანი ვერ დავრბრუნდებოდი. თუმცა დავთანხმდი იმიტომ, რომ ასე უნდა მექნა. მერე მოხდა ისე, რომ მალევე არ გადამიყვანეს კლუბში, ნომებერში მომიწია შესვლა და საბოლოოდ სამ თვეში აღმოვჩნდი სუმოში და დაიწყო ჩემი კარიერა.

 

კარიერის სტარტი

თავიდან რომ გადავედი კარგი სტარტი მქონდა. პირველივე ლიგაში ჩემპიონი გავხდი, მერე მეორეში გადავედი 6-1-ზე დავამთავრე, მერე მესამეში და მეოთხემდეც ძალიან მალე მივედი. მეოთხე ლიგაშიც კარგი შედეგი მქონდა მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა მქონდა – მამა დამეღუპა 2006 წელს და იმის შემდეგ დიდი დრო დამჭირდა რეაბილიტაციისათვის, თან ამ სიშორეზე წამოსული. იაპონიაში ცხოვრება ცალკე მოვლენაა, ძალიან განსხვავდება, თავის ტრადიციები და კულტურა აქვს. იმ კულტურაში შიდა კულტურაა, რომელსაც არ კარგავენ სუმოში.

არის შემონახული ისეთი ტრადიციები, რომლითაც საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ იაპონელები და ეს არის სუმოში ძალიან მკაცრად დაცული. ამ კულტურას მივყვე ქართველი ადამიანი, რომელიც აქედან ბავშვი წავედი და რომელიც როგორც ვჭამდი ისე ვტოვებდი მაგიდას და არაფერს ვაკეთებდი, ძნელი იყო. ამიტომ იყო, რომ ძალიან ბევრი რამის გადალახვა და ჩემს თავთან ბრძოლა მომიწია. ბევრი რამე მასწავლა ამ მარტოობამ და ახლა, რომ დავფიქრდები, იგივე გზის გავლა რომ მელოდოს ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა და არ ვიზამდი. ხშირად მეკითხებიან იგივე გზის გავლას თუ ურჩევდი ქართველებსო და კი, ვურჩევდი, მაგრამ ძალიან რთული გზის გავლა მოუწევთ, ადვილი არაფერი იქნება.

 

კონკურენცია

შიდა სამზარეულოს მოგიყვებით. იქ არიან ბიჭები, რომლებიც წლები ვერ გადადიან ელიტაში და ისე ანებებენ თავს, რომ წარმატებას ვერ აღწევენ. როცა ჩადიხარ უცხოელი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან, იქ იერარქიებია მეოთხე ლიგას რომ გადაცდები და ის შენი დამხმარე ხდება, რომელიც რაღაცას გაგიკეთებს. ამას რომ გატყობენ ცოტა სხვანაირი განწყობით გხვდებიან თავიდან. ცივად გექცევიან პირველ ლიგაში. გიქმნიან დისკომფორტს რომ იქნებ წახვიდე აქედან – ბიჭებში არის დაძაბულობა თვითონ. თუმცა ეგეც დალაგებულია, სუმოში როგორ არის იცით?

რომელ რანგში ხარ მეოთხე რანგამდე არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის ვინ უფრო ადრე შევიდა სუმოს სამყაროში, ის არის შენი „სენპაის“. შენი „სენპაი“ შეიძლება პირველ ლიგაში იყოს და შენ მეოთხე ლიგაში, მაგრამ იმას შენ ვერ დაავალებ – ის რასაც დაგავალებს უნდა გააკეთო, რაც სუმოს სამყაროშია გასაკეთებელი. მაგრამ მეხუთე ლიგაში როცა გადახვალ უკვე ესეც და ყველა, მეოთხე ლიგაში ვინც არიან შენი დამხმარეები ხდებიან და რასაც ეტყვი იმას გაგიკეთებენ.

რაც შეეხება გულშემატკივარს – პირიქით, ჩვეულებრივად გიღებენ. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად აფასებენ იმას, რომ უცხოელი ხარ და ცდილობ მათი კულტურა ევროპაშიც გაიტანო, უფრო პოპულარული გახადო და შენ ქვეყანას გააცნო რა არის იაპონია. არასდროს გამიგია რომ უცხოელი ხარ, ან ამიტომ ვინმეს ჩემთვის სხვანაირად მოემართოს, პირიქით, ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავენ.

 

„გაგამარუ“

მე მქვია თეიმურაზ ჯუღელი. დედაჩემს უნდოდა გაგა დაერქმია, მაგრამ მამაჩემი თავის მეგობარს დაპირდა, რომ თუ ბიჭი შემეძინა შენ სახელს დავარქმევო. ამიტომ დამარქვეს თეიმურაზი, მაგრამ დედამ გაიმარჯვა – გაგას მეძახდა და მეძახდნენ, სამეგობროც გაგას მეძახის…გაგა, გაგა, გაგა  და ახლა ჩემი სახელი ვინმემ რომც დამიძახოს, შეიძლება უკან არც გავიხედო, იმიტომ, რომ ასე იშვიათად მომმართავენ, თეიმურაზს არავინ მეძახის. ასე გავხდი გაგა და იაპონიაში რომ ჩავედი და სახელი  თეიმურაზი ვუთხარი წაიქცა კაცი – ვერ დამიძახა და თუ რამე გაქვს მეორე სახელიო მკითხა.

მე ვუთხარი გაგა მქვია-თქო და  დიდხანს ვიყავი გაგა, სანამ შევიდოდი სუმოს სამყაროში. მერე უკვე „მარუ“ მრგვალს ნიშნავს და ნელნელა რომ ვმრგვალდებოდი და ვმრგვალდებოდი დამარქვეს „მარუ“. თან იქ იეროგლიფები ისეთია, რომ „გაგამარუ“ სხვადასხვა რამეს ნიშნავს და აქედან გამომდინარე დამარქვა ჩემი კლუბის პრეზიდენტმა „გაგამარუ“. გაგა იაპონებელებისთვის ადვილად დასამახსოვრებელი და განსხვავებული სახელია და ყურს რომ მოხვდება ერთხელ შეიძლება მაშინვე დაიმახსოვრონო. აქედან გამომდინარე დამარქვეს „გაგამარუ“.

 

საუკეთესო წლები

2009 წლის სექტემბერში გავხდი „მაკუშიტას“ დივიზიონის ჩემპიონი და გადავედი „ჯურიოში“. „ჯურიოში“ ძალიან რთულად მქონდა საქმე. ბოლო ნომერი ვიყავი და 4-7-ზე მქონდა ბალანსი. ერთი რომ წამეგო გამოვარდნილი ვიყავი, მაგრამ ოთხიდან ოთხი მოვიგე და დავრჩი „ჯურიოში“, მეორე შეჯიბრზე თუ არ მეშლება 12 მოგებით და სამი წაგებით გავხდი ჩემპიონი და მეოთხე ნომერი.

მერე მემგონი ათი მოვიგე და გადავედი „მაკუჩი“ დივიზიონში. როგორ არის იცით? ყველა რანგს რომ გადადიხარ უფრო დაძაბული ხდება. მაგალითად „მაკუჩიტადან“ „ჯურიოში“ როცა გადადიხარ ხალხის რაოდენობა იმატებს, ყველა რანგზე იმატებს რაოდენობა, „მაკუჩიში“ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბოლო ორი საათის განმავლობაში არის უკვე პიკი. იქ უკვე სხვანაირადაა – რაც უფრო მეტია გულშემატკივარი, მით მეტია პასუხისმგებლობის განცდა და რამდენადაც მიხაროდა რომ ზევით ავედი, იმდენად რთული იყო. მე-11 თუ მე-12 ნომერი ვიყავი „მაეგაშირასი“ როცა დავიწყე და მახსოვს პირველივე შეხვედრა წავაგე და მერე 10 მოვიგე ზედიზედ. მერე ერთი წავაგე ერთი მოვიგე და შემახვედრეს ესტონელი ბარდო, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო.

ხშირად მქონია მასთან ვარჯიშები და ვფიქრობდი, ჩემთან რომ ვარჯიშობს ნეტავ რა განცდა აქვსთქო. ვერც დაიტვირთებოდა ისეთი ძლიერი იყო – ადამიანი „ოძეკი“ იყო და მე „მაეგაშირა“ და ვერ ვუგებდი, შანსს არ მიტოვებდა. არ ვიცი რა მოხდა, გავდიოდი შეხვედრაზე როგორი განწყობით იცით, იაპონურ გამონათქვამს გადავთარგმნი ქართულად – „რომ წააგო ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ მოიგებ იქნება ძალიან კარგი“ – ასეთი გამონათქვამია და ასეთი განწყობით გავედი, რომ თუ წავაგებ იქნება ჩვეულებრივი მოვლენა და ალბათ ისეთი ტაში იქნება, როგორც ყოველთვის და მე თუ მოვუგებ უფრო მეტად გაუხარდება მაყურებელს-თქო.

საბოლოოდ მე თვითონაც არ მჯერა – მაშინ მოვუგე პირველად ბარდოს, 12-3-ზე დავამთავრე და გავხდი „კომისუბი“. 2012 წელი იყო ეს და მომცეს „მებრძოლი სულის“ თასი. მაშინ 13-2-ზე ბალანსით „იოკოძუნა“ „ჰაკუჰო“ გახდა ჩემპიონი და ახლა რომ ვიხსენებ უფრო გული მწყდება, ალბათ 12-3-ზე დღეს წარმოსადგენია, რომ ვიღაც ჩემპიონი გახდეს, მაშინ კი წარმოუდგენელი იყო „იკოძუნას“ 13-2 ზე დაემთავრებინა – „იოკოძუნას“ წაგება იყო საერთოდ წარმოუდგენელი. ასე რომ ახლა უფრო გული მწყდება რომ ვუყურებ სუმოს სამყაროს. ვფიქრობ, რომ სადღაც შანსი მეც მქონია და ალბათ ცუდ დროს მოვხვდი-თქო.

 

რთული პერიოდი

ტრავმამდე იყო უფრო მეტი ფსიქოლოგიური მომენტი. 2018 წელს დამეღუპა დედა. დედა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა, იმიტომ, რომ ჩემი მოგება იმ დონეზე არ მიხაროდა ხოლმე, როგორც დედაჩემს – შინ რომ მოვიდოდი, ატირებული მხვდებოდა სიხარულისგან და ალბათ ყველა შვილის ბედნიერება ის არის, რომ მშობელი გაახაროს და ჩემი წარმატებაც დედაჩემს რომ უხაროდა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. 2018 წელს დამეღუპა, ჩამოვედი საქართველოში და მაშინ ვთქვი, ჩემი სპორტი დასრულდა-მეთქი.

ეს ვთქვი და შემდეგ დაიწყო ჩავარდნა. გამოვვარდი „ჯურიოს“ დივიზიონიდან, მივედი ჩემს პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ თავის დანებება მინდოდა. დაფიქრდიო, – რაც მითხრა ეგ იყო, ემოციური ფონი გაქვს და დაფიქრდიო, რამაც მე გამაძლებინა და არ მომცა უფლება დამენებებინა თავი. ეს იყო ქართველებისგან წამოსული. ბოლო ერთი წელი დღეში ათიათასობით შეტყობინება მოდიოდა – არ დაანებო, არ შეეშვა და ვერ გადავდგი ნაბიჯი, რომ მაშინ ხელი ჩამექნია. იმის შემდეგ ზუსტად ერთ შეჯიბრში დავბრუნდი „ჯურიოში“ და გავაგრძლე ჭიდაობა, რაც ქართველი გულშემატკივრის დამსახურებაა.

ეს იყო მაქსიმუმი რაც შევძელი და რომ არა ის ადამიანები, რომლებიც მე ხშირად მეხმიანებოდნენ და მწერდნენ ვერც ამას ვიზამდი. არის ასეთი პიროვნება ამირან ურუშაძე, ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც სუმოს სამყაროსთვის ძალიან ბევრი გააკეთა მაშინ, როდესაც არც ინტერნეტი იყო, არც სოციალური ქსელები და შეძლო და გააცნო თითოეულ ქართველს როგორია სუმო და ყველაფერი გააგებინა ჩვენს შესახებ. მადლობა მინდა ვუთხრა ამ პიროვნებას.

რაც შეეხება ტრავმებს, სპორტსმენს აქვს ტრავმა. აი, რომ დაუკვირდეთ „ტოჩინოშინს“ რამხელა ტრავმები აქვს, წარმოდგენაც არ მაქვს ჩვეულებრივი ადამიანი ამას გადაიტანდა თუ არა.  მე ვიცი „ტოჩინოშინი“ სახლში რომ მოდის როგორ არის და სახლიდან რომ მიდის როგორ არის. იმ დონის ტრავმები აქვს, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ეჭიდავება, ცდილობს ტკივილი დაივიწყოს და მერე ეჭიდავება მოწინააღმდეგეს. ასე ადის დოჰიოზე. მეც მქონდა ტრავმები, მარჯვენა მუხლი ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ ორივეზე რომ დამემართა საშინელება იყო. სამ თვეში გამოვიღე ხუთი ლიტრი წყალი. ბოლოს ხრტილები როცა ჯდება მოდის წყალი და სისხლი მომდიოდა. ეს ნიშნავს, რომ გვერდზე რაც არის ძვალი და კუნთი ყველაფერი ზიანდება.

ექიმმა მითხრა, რომ ასე გაგრძლება აღარ შეიძლებაო. ბევრ ექიმთან ვიყავი. არ ვარ ისე, რომ ერთს მივენდო და მითხრეს ერთი პროცენტიც არ მქონდა შანსი, რომ სპორტში დავბრუნებულიყავი. ოპერაცია დამჭირდებოდა და შეიძლება ახლაც დამჭირდეს წონის დაკლების შემდეგ, მაგრამ ასაკთან ერთად, შესაძლოა, ისევ დამიმძიმდეს მუხლები. ოპერაციის შემთხვევაში ჩვეულებრივი ადამიანის როლში შეიძლება დაბრუნება, მაგრამ სპორტში ძალიან გაგიჭირდებაო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს  იყო ჩემი კარიერის ბოლო და სპორტისთვის თავი უნდა დამენებებინა.

 

ტრავმები

დაახლოებით 1100-მდე შეხვედრა მაქვს ნაჭიდავები, სხვათა შორის, ესეც აქაურმა გულშემატკივრებმა მითხრეს, ამდენი შეჯიბრი გაქვს ნაჭიდავები და იციო? და მეთქი ნაღდად არ ვიცი-თქო. საერთოდ არ ვაქცევდი ასეთ რაღაცებს ყურადღებას და არც მეგონა თუ უნდა მიმექცია. იმიტომ, რომ თითოული სპორტსმენის სურვილი ის არის, შეჯიბრზე გამოვიდეს და დაიხარჯოს.

ყველა ამისთვის ვემზადებით, რომ შედეგი დავდოთ. უბრალოდ ალბათ არ მქონდა იმხელა ტრავმა, რომ ტურნირი გამომეტოვებინა. ბევრი ტრავმა მქონია, ძალიან ბევრი გამაყუჩებელი მაქვს მიღებული, მაგრამ ჩემი მონდომების და შემართების გამო ამ ტრავმებს ვძლევდი და მიხარია, რომ ამდენი შევძელი. ტკივილით ძალიან ბევრჯერ მიჭიდავია. ტკივილი კი არა შეჯიბრის წინ, დილით გამომიღია ბევრი წყალი მუხლიდან და ისე ავსულვარ „დოჰიოზე“.

გამაყუჩებლებიც გამიკეთებია. ბევრჯერ ეგეც აღარ შველის. უფრო უარესი ის ყოფილა, რომ გამაყუჩებლებისგან გაბრუებული ვყოფილვარ და სად ვიყავი იმას ვერ ვხვდებოდი ხოლმე, ასეთებიც ყოფილა. მე რომ ამას ვამბობ, ალბათ, არავის გაუკვირდება,  ყველას ექნება გამოცდილი, ვისაც დიდ სპორტში უჭიდავია ან უჩხუბია.

 

სუმო და სუმოისტი იაპონელებისთვის

იაპონიისთვის სუმო და სუმოისტი არ არის მარტო სპორტი. ეს არის მათი კულტურა. იქ არის კატეგორია ხალხის, რომლებიც იმიტომ არ გაფასებენ, რომ შენ ხარ „იოკოძუნა“ ან „ოძეკი“, იქ იყო მაგალითად რამდენიმე სპორტსმენი, რომელიც საერთოდ არ უყვარდათ, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. იმიტომ არ უყვარდათ, რომ იქ ისინი უყვართ ვინც მათ წესებს იცავს, თუნდაც ის იყოს პირველ ლიგაში არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იყოს კეთილი, თავმდაბალი.

აი სუმოისტი ძირითადად ასოცირდება სიკეთესთან, კარგ საქციელთან და თავმდაბლობასთან. დიდ მნიშვნელობას არ აქცევენ იმას, რომ შენ, რადგან არ ხარ „იოკოძუნა“ მე შენ ვინმეზე ნაკლებად დაგაფასო. ღმერთის წყალობით, ცოტა წარმატებით და ჩემი ადამიანობით, ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ მე იმ დონის გულშემატკივარი მყავდა, რომ შეიძლება ბევრ „ოძეკს“ და „იოკოძუნასაც“ არ ჰყოლია.

მადლობა მინდა მე მათ ვუთხრა ამხელა დაფასებისთვის. ალბათ ყველაზე ძალიან რასაც აფასებენ და რაც სუმოში უყვართ ის არის, რომ მათი წინაპრები რა ცხოვრებითაც ცხოვრობდნენ ჩვენც ისე ვცხოვრობთ და იციან, რომ სუმოისტის ცხოვრება ადვილი არ არის. იმიტომ, რომ იქ შემოსული ბავშვი სხვანაირი გამოდის სუმოს სამყაროდან. იქ სხვანაირი კანონებია, სხვანაირად ექცევიან და როცა ბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში, იქ უკვე იმ დონეზეა ჩამოყალიბებული, რომ გააზრებული აქვს რა უნდა ცხოვრებაში.

 

ქართული ატრიბუტიკა

ჩემი დიზაინით, საერთოდ რაღაცების მოფიქრება მიყვარს – პირველად მოვიფიქრე I LOVE GEORGIA  დამეწერა ქამარზე და ქართული დროშები გავიკეთე. ჩემი კლუბის პრეზიდენტი კარგი ადამიანი იყო და მითხრა, რომ მარტო მე ვარ ვინც ამის უფლებას მოგცემსო, თუ ვინმემ რამე გითხრა უთხარი, რომ მე მოგეცი უფლებაო. ეს იყო ჩემთვის პირველი. მერე იყო, „დოჰიოზე“ როცა გავდივართ საერთოდ „ქეშომავაში“ გვიკეთია და ქართული დროშით გამოვედი, რა თქმა უნდა, ჩემი დიზაინით იყო გაკეთებული. ოცნება მქონდა, რომ ქართული დროშა მეტარებინა.

ერთი პერიოდი იყო, რომ თუ ვერ გადავიდოდი ელიტაში არ მეღირსება-თქო, ესეც მიფიქრია, მაგრამ ღმერთის წყალობით ამიხდა ოცნება, რომ ქართული დროშა მეტარებინა. ხშირად ვაკეთებდი ასე. მიყვარდა ჩემი დროშა და ალბათ ჩემი პატარა საქმე გავაკეთე საქართველოსთვის და რა სიყვარულიც გულში გამაჩნია, უფრო მეტად მინდა რომ გავაღვივო.

 

ნოსტალგია

მეგობრები მენატრებოდნენ. ყველამ იცის ალბათ ვინც ემიგრაციაშია ცუდი მხარე ეს არის. შენი საყვარელი ხალხი გენატრება, შენი სამშობლო, დედა, მამა რომლებმაც გაგზარდეს და წამოხვედი. მეგობრები. ბევრჯერ მიტირია იმის გამო, რომ ჩემ მეგობრებთან არ ვარ. ისე გავიდა ეს 16-17 წელიწადი, რომ გავიზარდეთ, ზოგი დაოჯახდა.

ბევრის ქორწილში არ ვარ ნამყოფი, მერე მომიწია გაცნობა… ამ ყველაფერზე გული მწყდება… ალბათ ეს ემიგრანტების, ყველას გულისტკივილია, ძაან სამწუხარო რამეა. მაგრამ ის რა მისიაც მე მეკისრა, გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის და ერთი მეორეს ფარავს.

 

კულინარია

პირდაპირ ვიტყვი სიმართლეს – მე ვარ ძალიან ცუდი კულინარი, საერთოდ არაფერი არ გამომდის. მაგრამ მყავს უდიდესი ადამიანი, უდიდესი სპორტსმენი „ტოჩინოშინი“, რომელიც უდიდესი კულინარია.

მე ვიტყვი, რომ ბევრ რესტორანში რომ შეხვიდე, შეიძლება ისეთი კერძები ვერ დააგემოვნო, როგორსაც ლევანი გააკეთებს. ძალიან მაგრად გამოსდის, არაფრისგან ისეთ კერძს გაგიკეთებს, ქართულს, რომ შეიძლება გაგიჟდე.

ხინკალსაც ახვევს… ყველაფერს აკეთებს და მე მქონდა ეგ ბედნიერება. განებივრებული ვიყავი მას შემდეგ რაც ელიტაში გადავედით და უფრო მეტი დრო მოგვეცა ერთად ყოფნისთვის. ხშირად აკეთებს ლევანი და უთქვამს რომ სამზარეულოში რაღაცას რომ ვამზადებ რაღაცნაირად ვისვენებო – იმ დონეზე უყვარს კერძების კეთება. მე კიდევ ეს არ მესმის, ალბათ იმიტომ რომ მე არ გამოდის. მერე რას ვაკეთებ ხოლმე იცით?

ამასაც ვიტყვი, ბევრჯერ მიმიბაძავს, წამოვსულვარ სახლში და მიცდია რაც იმან გააკეთა წუხელ საღამოს, მაგრამ ის გემო ვერ დავსვი რაც ლევანმა დასვა და როგორიც იყო და მერე ჩამიქნევია ხელი. რომ მივალ ლევანთან შევჭამ, დავანებებ ჩემ სახლში გაკეთებას თავს-თქო.

 

 

გზავნილი საქართველოდან

იმერული ყველი მიყვარს ძალიან და როცა მკითხავდნენ რა გამოეგზავნათ – ყველი, სვანური მარილი და ტყემალი იყო პასუხი. ხორცი იქაც იშოვება და ძალიან მაგარიც და ხან მწვადს შევწვავდით, ხან რამეს და ეს სამი რაღაც და მჭადის ფქვილი იყო რაც ყველაზე ძალიან მენატრებოდა. მჭადი მიყვარდა და მიყვარს ახლაც, ასეთ რაღაცებს ვაქცევდი ყურადღებას უფრო მეტად. კიდევ მზესუმზირა, იქ არ იყიდება და აქედან ვაგზავნინებდით ხოლმე. ჩვენი სპორტსმენი ბიჭები რომ ჩამოდიან იმათ ვთხოვთ ხოლმე და მოაქვთ. ახლა ოლიმპიადის დროს იმდენი ყველი ჩამოიტანეს, ვიფიქრე ბიზნესი ხომ არ დავიწყო, ხომ არ გავყიდო-თქო. თაფლი ჩამოგვიტანეს კიდევ და ასეთი რაღაცები მოაქვთ.

 

თმის შეჭრა – გაცილების ცერემონია

სამწუხაროდ, „კოვიდის“ გამო ჯერჯერობით ვერ შევძელი თმის მოჭრა, მაგრამ დაგეგმილი მაქვს. რამდენიმეჯერ გადამედო, იმიტომ, რომ შეზღუდვებია, შეკრების უფლება არ გვაქვს და ცერემონიას ვერ გავაკეთებთ. სხვათა შორის, დღესდღეობითაც ვინც ჩემამდე დაანება ან ჩემს შემდეგ დაანება, არიან ძალიან ბევრი, ისინიც რიგში დგანან და ელოდებიან იმას, როდის დამთავრდება ეს პანდემია.

მეც არ ვჩქარობ, იმიტომ, რომ მინდა ყველას ჩემი გულიანი მადლობა ვუთხრა. წარმოიდგინეთ, ისეთ ქვეყანაში ჩავდივარ, სადაც არაფერი არ იცი, არავინ გიცნობს, არავინ გყავს, საელჩოც არ არის, არაფერი არ არის და ისე მიმიღეს, ისე ჩამიხუტეს გულში და ისე თბილად მომექცნენ, რომ მინდა მათ ამ ყველაფრისთვის მადლობა ვუთხრა და ჩემი პატივისცემა დავუდასტურო.

ამიტომ მინდა დაველოდო ბოლომდე. იმედია ოდესღაც გადაივლის „კოვიდი“, დამშვიდდება მსოფლიო და შევძლებ ამ თმის მოჭრასაც და გაცილების მოწყობასაც. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და გამომივა.

 

„ჰაკუჰო“

„ჰაკუჰოს“ სპორტიდან წასვლა ეს არის დიდი ეპოქის დასრულება, როგორი ეპოქაც სუმოს სამყაროში არ ყოფილა და კიდევ დიდი ხანი არ იქნება. ადამიანი ლეგენდა, მე ვფიქრობ ფეხბურთში თუ არის პელე – სუმოში არის ეგ ადამიანი. ასეთი ადამიანის აღმოჩენას საუკუნეები დასჭირდება. სანახაობრივადაც, ადამიანურადაც, ისეთი წესიერი და წარმატებულია, რომ მთელს იაპონიას, მთელ ერს უყვარს. ახლა მოქალაქეობა აქვს იაპონიის, რაც კლუბის შექმნაში ხელს შეუწყობს და გახდება „ოიაკატა“. დიდ წარმატებას ვუსურვებ.

ბოლოს სექტემბერში მქონდა კონტაქტი, სანამ შეჯიბრი დაიწყებოდა და „იოკოძუნამ“ მომწერა – მომენატრაო შენთან დალევაო. იმედია რომ ჩავალ, სპორტიდან წამოვიდა და მეტი თავისუფალი დრო ექნება. მასთან დალევა დიდი სიამოვნებაა და ისეთი კარგი პიროვნებაა, რომ კარგი საღამოები გამოგვსვლია ბევრჯერ.

 

„ჰაკუჰოს“ SPECIAL-ი

თავიდან ვიწყებთ საკეთი, მაგრამ მერე იოკოძუნას აქვს თავის „სპეშალს“ ეძახის. რაღაც მიქსებს აკეთებს. დიდ ქვაბს მოუტანენ ხოლმე და იმაში ვისკის ასხამს, გაზიან წყლებს ასხამს და თავის ფენომენალურ საკეს ამზადებს ხოლმე ოცლიტრიანში და იქედან მიდის დალევა. აბა საკეთი რომ გავყვე ეგრე ვერ დაათრობ, იქაც ძალიან მაგრე სვამენ და მათი დათრობა ცოტა ჭირს. აი იოკოძუნას „სპეშალს“ რომ დავლევთ და გამოვდივართ ხოლმე, მაშინ კარგად შეზარხოშებულები ვართ.

 

მომავალი

ჩემი მეორე ცხოვრების დაწყებას ვფიქრობ. ძალიან რთული პერიოდი მელის. არ ვაპირებ ხელების ჩამოყრას. რა სფეროში განვვითარდები ამას ჩემი მომავალი განსაზღვრავს. სპორტის გარდა პრაქტიკულად არაფერი გამიკეთებია. მთელი ცხოვრება, ექვსი წლიდან სპორტში ვარ და ჩემი თავი არცერთ სფეროში არ მყავს გამოცდილი. ვერაფერს ვერ დავიბრალებ, სამწუხაროდ არაფერზე არ მიმიწვდებოდა ხელი და არცერთ სფეროში განვითარება არ მაქვს. ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს ჩემს მომავალ ცხოვრებაში, რასაც თუნდაც ტელევიზია და თუნდაც მომავალი იაპონური ცხოვრება ჰქვია. იქეთ ვაპირებ ყოფნას. იაპონიის სამაუწყებლო არხზე გამიხსნეს ჩემი გადაცემა.

უკვე სამი გადაცემა ჩავწერეთ და ყოველი თვის 23-ში გავა. ღმერთის წყალობით იაპონურიც ისე კარგად ვისწავლე, რომ იუმორიც გამომდის მათი, შეიძლება იმაზე კარგადაც ვიდრე ქართულად. ცოტა იმერულს, ზესტაფონურს გავურევ და მიქსი, იაპონურის და იმერულის გამოდის სასწაული და მოსწონთ. არ ვიცი მომავალი საით წამიყვანს და არ ვიცი რა იქნება. მინდა რაღაც ისეთები ვისწავლო, რაც წინა ცხოვრებაში არ მჭირდებოდა და არ ვიცოდი, მაგრამ მომავალში აუცილებლად დამჭირდება. თითოეულ ჩემს საქმეს მინდა მთელი პრინციპულობით მოვეკიდო.

 

ტოჩინოშინი

როცა მე თბილისში ჩამოვედი და გავიცანი, მაშინ ლევან გორგაძე იყო. ერთ წონაში ვჭიდაობდით. ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ფინალში და ერთხელაც არ მაქვს მოგებული მგონი. თუ სწორად მახსოვს ყოველთვის მიგებდა ხოლმე. გავიცანი, ვმეგობრობდით, ვძმაკაცობდით და ბოლოს ამდენი წაგება ამოვიდა ყელში და იაპონიაში გავიქეცი. გამომეკიდა იქაც – 10 ათას კილომეტრზე.

ჩამოვიდა და ერთად დავიწყეთ იქ ცხოვრება, მაგრამ იქ სხვანაირი ცხოვრება დავიწყეთ. ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ არ გვყავდა, პრივილეგია ის გვქონდა, რომ ჩვენი კლუბების დაშორება, სადღაც 500 მეტრი იყო და შუაში ლამაზი პარკი გვქონდა, სადაც ვიკრიბებოდით თავიდან როცა ვხვდებოდით. ახლაც ახლო-ახლოს ვცხოვრობთ. მე გეტყვით ვინ იყო ლევან გორგაძე და როგორი გახდა ტოჩინოშინი.

მასში, თვითონ პიროვნულად, ცვლილება არასდროს არ მომხდარა. ის ტიტულოვანიც გახდა, მანამდე ბევრი ტრავმაც ჰქონდა, ძალიან ბევრი რამეც გადალახა და ყოველთვის ისეთი თავმდაბალი, ისეთი კარგი, გულიანი ადამიანი იყო, როგორც „ოძეკობამდე“, ისე „ოძეკობის“ შემდეგ. ის არის ადამიანი, რომლის კარგზე და დადებითზეც შემიძლია ბევრი ვისაუბრო. მე ასე მგონია იმიტომ, რომ ბევრი აქვს ისეთი თვისება, რასაც ჰქვია მეგობრობა, ძმაკაცობა.

უყვარს დედა, უყვარს მამა, თავისი ძმა, უყვარს მეგობრები, ხშირი კონტაქტი აქვს მათთან… მე ყოველდღიური შეხება მქონდა და მაქვს მასთან და ჩვენ ერთმანეთის ჭირი და ლხინი ვიცით. ასეთი რამეც მითქვამს მისთვის – ისე მიყვარხარ შენნაირი შვილი მინდა მყავდეს-თქო – კი ასეც მითქვამს იმდენად კარგი ადამიანია. ჩემთვის გაწონასწორებული ადამიანი და წესიერების და სიკეთის განსახიერებაა.

 

გულშემატკივრები

სადაც ხელი მიმიწვდება ყველგან უნდა ვთქვა – პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში მოვუხადო. „კოვიდიდან“ გამომდინარე არ მომეცა შესაძლებლობა, პირადად ვერ გადავუხადე მადლობა, თითოეულ მათგანთან პირადად ვერ მივედი.

ალბათ, თუ სადმე ვინმე შემხვდება და მეტყვის, რომ გგულშემატკივრობდიო, პირადად გადავუხდი მადლობას და ვეტყვი რომ მადლობელი ვარ  ყველა იმ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც მათ ჩემს მიმართ გამოხატეს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ და შევეცდები, რომ ჩემი მომავალი ცხოვრების განმავლობაშიც მათი იმედები რაც არის ყველაფერი გავამართლო.

ან იაპონიაში ჩავიდეს ვინმე ქართველი და მე თუ იქ ვიქნები გვერდში დავუდგე, ან თუ რამე შემეძლება საქართველოსთვის სიკეთე გავაკეთო… ყოველთვის მათ გვერდში მინდა ვიყო. ყოველ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი და მინდა აქედან მოვიკითხო ჩემი გულით – აბა თქვენ გენაცვალეთ!.