გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრირა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრირა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრირა.

კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში, მომავალ კვირას მოხდება. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შერეული საარჩევნო სისტემის (პროპორციული და მაჟორიტარული) ფარგლებში, იცვლება მანდატების განაწილების წესი.

კერძოდ, ოპოზიციის განმარტებით, არჩევნებში მონაწილე იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა 3%-იანი საარჩევნო ზღურბლი, განისაზღვრება 150-ის (პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის) იმდენი პროცენტით, ხმათა რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პროპორციული საარჩევნო სისტემით.

„შესაბამისად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა პარტიული სიიდან შეივსება ზემოაღნიშნული კუთვნილი მანდატების რაოდენობამდე, ხოლო თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ტოლია ან აღემატება მისი კუთვნილი მანდატების რაოდენობას, პარტიული სიიდან მას არცერთი მანდატი აღარ მიეკუთვნება“, – განმარტავს ოპოზიცია.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართულ არჩევნებში შენარჩუნებულია ე.წ. „დამოუკიდებელი“ კანდიდატების მონაწილეობის შესაძლებლობაც.

გარდა ამისა, ცვლილებებით, მაჟორიტარული არჩევნები ტარდება არა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, არამედ 10 მრავალმანდატიან (6-, 7- და 8-მანდატიან) საარჩევნო ოლქში.

„ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ“, – აღნიშნულია პროექტში.