გაერო გვაფრთხილებს, რომ 2050 წლისთვის, ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანს შეიძლება წყალთან წვდომის პრობლემა შეექმნას — #1tvმეცნიერება
2050 წლისთვის, ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანს შეიძლება წყალზე ხელი ძნელად მიუწვდებოდეს; ამის შესახებ გაერო გვაფრთხილებს და COP26 სამიტზე ლიდერებს ინიციატივებისკენ მოუწოდებს.
გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი მოხსენების მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს, 3,8 მილიარდ ადამიანს წყალზე არასათანადო წვდომა ჰქონდა წელიწადის სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში.
„საჭიროა გამოვიღვიძოთ და მზად ვიყოთ წყლის კრიზისისთვის“, — ამბობს WMO-ს ხელმძღვანელი პეტრი ტაალასი.
მოხსენება, სახელად „კლიმატური სერვისების მდგომარეობა 2021: წყალი“ (The State of Climate Services 2021: Water) COP26-ის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. COP26 არის გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელიც 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე, გლაზგოში გაიმართება.
გაერო შეშფოთებულია, რადგან გასული 20 წლის განმავლობაში, ხმელეთზე არსებული წყლის დონე — ზედაპირზე, ზედაპირქვეშ, თოვლსა და ყინულში — წელიწადში ერთი სანტიმეტრით მცირდება.
უდიდესი დანაკარგები ანტარქტიდასა და გრენლანდიაზე მოდის, მაგრამ როგორც გაერო აღნიშნავს, წყლის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის დაბალი განედების ძლიერ დასახლებული ზონებიც, რომლებიც ტრადიციულად, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია.
ამავე დროს, გასული 20 წლის განმავლობაში გაიზარდა წყალთან დაკავშირებული რისკების სიხშირე.
2000 წლიდან მოყოლებული, წყალდიდობებთან დაკავშირებული კატასტროფები წინა ორ ათწლეულთან შედარებით 134 პროცენტით გაიზარდა.
„მიმდინარე დათბობის გამო, ატმოსფეროს ტენიანობა შვიდი პროცენტით უფრო მაღალია და ამას წვლილი შეაქვს წყალდიდობებშიც“, — აღნიშნა ტაალასმა პრესკონფერენციაზე.
წყალდიდობასთან და ეკონომიკურ დანაკარგებთან დაკავშირებულ სიკვდილიანობათა უმეტესობა აზიაში აღირიცხა, სადაც მდინარეთა წყალდიდობების სისტემები გაძლიერებას საჭიროებს.
ამავე დროს, 2000 წლიდან დღემდე 30 პროცენტით გაიზარდა გვალვების რაოდენობა და ხანგრძლივობა; ამ მხრივ ყველზე მეტად ზარალდება აფრიკა.
ტაალასი COP26-ის მონაწილე ქვეყნებს მოქმედებებისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, მსოფლიოს ლიდერთა უმეტესობა კაცობრიობის კეთილდღეობის მთავარ რისკად კლიმატის ცვლილებას მიიჩნევს, მაგრამ მათი საქმე ლაპარაკს არ ემთხვევა.
„მოქმედებების დასაწყებად ათწლეულობით ლოდინი აღარ შეიძლება. ეს გახლავთ შეტყობინება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ 2060 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალურად გადაქცევა სურს, მაგრამ ამის კონკრეტული გეგმა არ გააჩნია“, — ამბობს ტაალასი.
მისივე განცხადებით, COP26 სამიტის მთავარი პრიორიტეტი კლიმატის შემსუბუქებაა, მაგრამ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი კლიმატურ ადაპტაციათა შესახებ, რადგან ამინდის მახასიათებელთა უარყოფითი ტენდენცია უახლოეს ათწლეულებში და მომდევნო საუკუნეებიც გაგრძელდება, როდესაც საქმე ეხება მყინვართა დნობას და ზღვის დონის აწევას.
მომზადებულია Agence France–Presse-ის მიხედვით.