გადარჩენილი ტაილანდელი ბიჭი - მღვიმეში ყოფნამ მასწავლა, რომ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდე
ტაილანდის მღვიმეში გადარჩენილი ბავშვები და მათი მწვრთნელი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ. მწვრთნელის თქმით, მღვიმეში შესვლის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. დატბორვის შემდეგ კი გამოსვლა სცადეს, თუმცა უკვე ძალიან გვიან იყო.
მწვრთნელი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბავშვებმა ცურვა არ იციან, მცდარია. მისივე თქმით, ვარჯიშის ბოლოს ისინი ყოველთვის ცურავენ.
მწვრთნელი ყვება, რომ ბავშვებს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ წყლის დონე დაიწევდა.
ერთ-ერთი ბიჭის თქმით, მღვიმეში საკვები არ ჰქონდათ, სასმელად კი კლდიდან ჩამოსულ წყალს იყენებდნენ.
„საჭმელი რაც თან გვქონდა, ვარჯიშის შემდეგ, მღვიმეში შესვლამდე შევჭამეთ“, განაცხადა ერთ-ერთმა მოზარდმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა გამოცდილება მიიღეს ამ შემთხვევით, ერთ-ერთმა მოზარდმა უპასუხა, რომ ამიერიდან გაცილებით ფრთხილად იქნებიან, რადგან ისწავლეს, რომ სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ.
პრესკონფერენციაზე ბიჭებმა გარდაცვლილი მყვინთავი სამან გუნანიც გაიხსენეს. მოზარდებმა გუნანის ნახატზე წარწერები დატოვეს, სურათს კი სამახსოვროდ გარდაცვლილი მყვინთავის ოჯახს გადასცემენ.
ბიჭებს მათი ოცნებების შესახებაც ჰკითხეს. რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ ფეხბურთელობა სურს, ბევრმა კი თქვა, რომ ფეხბურთელობა გადაიფიქრა და ახლა სურს, საზღვაო ქვეითი გახდეს. ბიჭების ამ პასუხს დარბაზში აპლოდისმენტები მოყვა.
შეგახსენებთ, 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. 10 ივლისს კი სამფაზიანი რთული სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანი გადაარჩინეს.