„ფრიდომ ჰაუზის“ ერთ-ერთი დირექტორი - ჩვენი რეიტინგებით, საქართველო ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა
საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუზმა“ სახელწოდებით „თავისუფლება და მედია“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევაში მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეებია მიმოხილული. თითოეულ ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა 0-დან 4 ქულამდე ფასდება. ანგარიშში საქართველოს 2 ქულა აქვს მინიჭებული.
როგორც „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში „ფრიდომ ჰაუზის“ ერთ-ერთი დირექტორი კვლევისა და ანალიზის მიმართულებით სარა რეპუჩი ამბობს, საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს.
„საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს. რეალურად, ჩვენი რეიტინგებით, ის ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით, საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს მხრიდან ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას, იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, – აღნიშნავს სარა რეპუჩი.
ორგანიზაციის ანგარიშში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მედიის თავისუფლება უარესდება.
ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან დემოკრატიებს შორის ზოგიერთში პოპულისტი ლიდერები ცდილობენ მედიის დამოუკიდებლობაზე ზეწოლას. ავტორები აღნიშნავენ, რომ გლობალურად მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეები რეალურია და შემაშფოთებელია, თუმცა ყველაზე მეტად საშიშია მათი გავლენა დემოკრატიაზე.