მიხეილ გიორგაძე - საქართველოში მედიისა და სიტყვის თავისუფლების სტანდარტი ძალიან მაღალ დონეზეა
მიხეილ გიორგაძე - საქართველოში მედიისა და სიტყვის თავისუფლების სტანდარტი ძალიან მაღალ დონეზეა

ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში მედიისა და სიტყვის თავისუფლების სტანდარტი არის დაცული ძალიან მაღალ დონეზე, – ასე აფასებს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დასკვნას, რომ 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია.

მისი თქმით, საქართველოში მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არაერთი მედიასაშუალება საქმიანობს, რაშიც მათ ხელს არავინ უშლის და ეს სწორედ მმართველი გუნდის დამსახურებაა.

„თუ დემოკრატიის ხარისხზე ვსაუბრობთ, ყველა ის მაჩვენებელი ან გამოვლინება დემოკრატიის, დაწყებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით და მრავალფეროვნების კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური მრავალფეროვნების დაცვის, ასევე, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტია დღეს საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

რაც შეეხება Freedom House-ის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საქართველოს დემოკრატიული ფუნქციონირების მთავარ დაბრკოლებად არაფორმალური მმართველობაა დასახელებული, მიხეილ გიორგაძე ფიქრობს, რომ არაფორმალურ მმართველობაზე მუდმივად ოპონენტები საუბრობენ, თუმცა კონკრეტული არგუმენტები ან ფაქტები ამასთან დაკავშირებით არასდროს მოუყვანიათ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, დოკუმენტის ავტორთა განცხადებით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა 4,25 ქულით არის შეფასებული, რაც 2016 წლის შედეგთან შედარებით 0,25-ით ნაკლებია.