ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე ლიტერატურულ მარათონს გამართავს
ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე ლიტერატურულ მარათონს გამართავს. პროექტი სახელწოდებით, „ქართული ლიტერატურის შედევრი, შოთა რუსთაველის ეპოქალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიებაზე პოემა 50 ენაზე იქნება წარმოდგენილი .
მე-12 საუკუნეში შექმნილი პოემა, რომელიც 160-ზე მეტი ხელნაწერის სახით არის შემონახული და 50-ზე მეტ ენაზე არის თარგმნილი, 2013 წელს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ლიტერატურული მარათონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და რამდენიმე საიუბილეო თარიღს ეძღვნება: საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს.
ფრაგმენტებს „ვეფხისტყაოსნიდან“ წაიკითხავენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ლიტერატურული მარათონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული გაფორმების ნიმუშები დიგიტალურად (მინიატურებით შემკობილი ხელნაწერები და ილუსტრაციები სხვადასხვა გამოცემებიდან).
ლიტერატურული მარათონი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის კულტურის დეპარტამენტისა და ფრანკფურტის მერიის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელშეწყობით, 21 ივნისს გაიმართება