გია მურღულია - წარმოუდგენელი სიბეცეა, საჯაროდ აცხადებდე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ქალებს არ ამეფებენ ან ნესტანი ცუდი ადამიანია
გია მურღულია - წარმოუდგენელი სიბეცეა, საჯაროდ აცხადებდე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ქალებს არ ამეფებენ ან ნესტანი ცუდი ადამიანია

ნესტანის არ იყოს, შეიძლება ადამიანმა შეცდომა დაუშვას, მაგრამ კარგი იქნება, თუ მასავით მოინანიებს. ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, გავაქილიკოთ ან ვაგინოთ, არამედ მათ გადაცდომებზე პრინციპულად უნდა მივანიშნოთ, რათა საზოგადოება არ დაიბნეს და არამართებული დასკვნები არ გამოიტანოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„სჭირდება თუ არა ვეფხისტყაოსანს დაცვა?

დიახ, სჭირდება.

რატომ?

იმიტომ, რომ ამით საქართველო და ქართველი (მეტიც – ზოგადად, კეთილი ადამიანური ბუნება) საკუთარ თავს (ფიქრს, სიტყვას, საქმეს, განწყობას, ღირსებას, სიყვარულს, პასუხისმგებლობას) იცავს.

წარმოუდგენელი სიბეცეა (მეტი რომ არ ვთქვა), საჯაროდ აცხადებდე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ქალებს არ ამეფებენ ან  ნესტანი ცუდი ადამიანია. არც პირველია მართებული და არც მეორე – სხვადასხვა დროს სხვადასხვა კაცისგან ნათქვამი ორივე მამალი ტყუილია.

ეს უცილობლად ასეა, თუ ვინმე სხვა „ვეფხისტყაოსანს“ არ კითხულობს – ის „სხვა“ კი, უბრალოდ, არ არსებობს.

ლიტერატურულ პერსონაჟზე არ უნდა იმსჯელო, როგორც მეზობლის ქალზე (კაცზე). საერთოდ, ლიტერატურა ცხოვრებას კი ასახავს, მაგრამ არსებითად განსხვავდება კიდეც მისგან – ის გაცილებით მეტ პირობითობას, სახეობრიობას, სიმბოლურობას და კიდევ ბევრ სხვა რამეს გულისხმობს. მათ შორის მექანიკურად ტოლობის ნიშნის დასმა უხერხული შეცდომაა.

ნესტანი უპირობოდ გამორჩეულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის (რუსთველს ეს ამოცანა არც დაუსახავს) – და, თუ რამ შეცდომას უშვებს, ნანობს კიდეც. ამის „მიღმა“ ის ულამაზესი, უჭკვიანესი, „მაღალი და მაღლა მხედია“ – ქალი, რომელიც თაობათა შთაგონების წყაროდ და ქართველად ყოფნის ერთ-ერთ დიდებულ მაგალითად იქცა.

ჰო, კიდევ ერთი – ახლა ბავშვებს ორიგინალური (თუნდაც საკამათო) აზროვნებისთვის ბევრი აღარავინ სჯის თუ ამუნათებს. თუ სადმე ასეთი „გამონათებები“ არის, მკვეთრად უარსაყოფია. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ქართული განათლების სისტემა (რომელსაც, ცხადია, ბევრი ნაკლი აქვს) მოსწავლეებში კრიტიკულ აზრს მუდმივად ახშობს, ერთმნიშვნელოვნად მცდარია. ასეთი „მსჯელობა“ უამრავი კეთილგონიერი და კეთილსინდისიერი მასწავლებლის შეურაცხყოფაა.

მარტივი პრინციპია:

რაც კარგად არ გესმის, იმაზე (მით უმეტეს – საჯაროდ) არ უნდა ილაპარაკო.

რა თქმა უნდა, აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია, მაგრამ იმ აზრს აზრი უნდა ჰქონდეს და, ნებით თუ უნებურად, არარაობის ან მავნებლობის გზაზე არ დადგეს.

ის, რაც ჩვენს სულსა და გონებას, ჩვენს ხედვას, ჩვენს იდენტობას გამოხატავს, შეფასებისას მეტ დაფიქრებას, მეტ პატივისცემასა და მეტ გაფრთხილებას მოითხოვს.

ნესტანის არ იყოს, შეიძლება ადამიანმა შეცდომა დაუშვას, მაგრამ კარგი იქნება, თუ მასავით მოინანიებს.

ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, გავაქილიკოთ ან ვაგინოთ, არამედ მათ გადაცდომებზე პრინციპულად უნდა მივანიშნოთ, რათა (თუ შეცდომის დამშვებს რაიმე ავტორიტეტი აქვს) საზოგადოება არ დაიბნეს და არამართებული დასკვნები არ გამოიტანოს.

სიტყვა ძლიერია!

კარგია, როდესაც კარგ საქმეს ემსახურება, მაგრამ სახიფათოა, როდესაც ცრუ განწყობებს აღვივებს“, – წერს გია მურღულია.