ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს მწვრთნელებს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს მწვრთნელებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სამი მწვრთნელი ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ.
„მიმაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნება გირაოს შეფარდება. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, თავად არიან სპორტსმენები, ადრე არ არიან ნასამართლევი. კარგად უნდა გაირკვეს, ვინ რა ჩაიდინა. ამ ეტაპზე არ იძლევა საშუალებას კანონი, რომ ეს ადამიანები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დარბაზიდან. კიდევ უნდა გაირკვეს და დადგინდეს, ვინ რა ჩაიდინა. ჯერ ამის განჭვრეტა შეუძლებელია“, – განაცხადა მოსამართლე თემურ სიხარულიძემ.
16 ივნისს, ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი ტაეკვონდოს მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრ გიორგი აბულაძეს შორის დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და პროვოკაცია შეგნებულად მოაწყო.