50 წლის წინ, 1968 წლის 24 დეკემბერს, მისია აპოლო 8-ის ასტრონავტები — ფრენკ ბორმენი, ჯიმ ლოუელი და უილიამ ანდერსი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც მთვარეს შემოუფრინეს.
მისია ისტორიული იყო, მაგრამ არანაკლებ სამახსოვროა მაშინ გადაღებული სახელგანთქმული ფოტო, რომელსაც „დედამიწის ამოსვლა“ უწოდეს. კადრში ასახულია დედამიწა, რომელიც მთვარის ლანდშაფტის ფონზე ამოდის.
ამ მომენტამდე, ჩვენი ცისფერი პლანეტა ასე შორი მანძილიდან არავის არასდროს ჰქონდა ნანახი.
ფოტოზე ჩვენი პლანეტა ძალიან პატარა და მოწყვლადი ჩანს კოსმოსის ვრცელ წყვდიადში, რაც ადამიანებს სისუსტისა და უსუსურობის შეგრძნებას გვიმძაფრებს.
დედამიწის ამოსვლა ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, გამოიყენება საფოსტო მარკებში, პოსტერებში და ა. შ.
ბევრი ირონიულად იმასაც შენიშნავს, რომ აპოლო 8-ს მთავარი მიზანი იყო ფოტოები პირველ რიგში მთვარისთვის გადაეღო და არა დედამიწისთვის. ჩვენი პლანეტისთვის სურათის გადაღებას NASA სულ არ გეგმავდა.
სახელგანთქმული ფოტო მაშინ გადაიღეს, როცა მისიამ მთვარეს მეოთხედ შემოუფრინა და ორბიტა შეიცვალა, რა დროსაც ჰორიზონტზე დედამიწაც გამოჩნდა.
ამ მომენტისთვის მზად არც ერთი ასტრონავტი არ იყო, მათ შორის არც მოდულის პილოტი უილიამ ანდერსი, რომელიც ამ ამბავს BBC-ის დოკუმენტურ ფილმში შემდეგნაირად იხსენებს:
„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ყველამ ერთხმად ვიყვირეთ — ღმერთო ჩემო, შეხედეთ!
დედამიწაზე არავისთვის არაფერი გვიკითხავს, როგორ მოვქცეულიყავით, რადგან უკვე ვიცოდით, რაც უნდა გვექნა. დანარჩენი ორი ასტრონავტი მეხვეწებოდა, კამერები მიმეცა. ასეც მოხდა, კამერები სამივემ მოვიმარჯვეთ და ფოტოების გადაღება დავიწყეთ“.
სახელგანთქმული ფოტოს ავტორობას ბორმანი და ანდერსი ერთნაირად იბრალებდნენ, მაგრამ როგორც გამოძიებამ დაადგინა, მისი ავტორი უილიამ ანდერსი აღმოჩნდა.