ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
ირაკლი კაკულიას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის აღებას, თაღლითობაში დახმარებას, თანხის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე ეხება ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს.
დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ორი კვირის ვადაში ჩაბარდება.
ასევე პატიმრობა მიესაჯათ ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებსაც.
ირაკლი კაკულიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა და აუცილებლად გასაჩივრდება.
„ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო სასამართლო პრაქტიკისათვის გაუგონარი გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მან მიიღო პირადი შურისძიების მოტივით, ვინაიდან სასამართლო განხილვის დროს ჩვენ მას გავუუქმეთ უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც მან უკანონოდ დააყადაღა ირაკლი კაკულიას ძმის, ვახტან კაკულიას წილი და ქონება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ეს ყადაღის უკანონო გადაწყვეტილება გავაუქმეთ. მაგრამ ეტყობა, მისი სამოსამართლეო საქმიანობისთვის აღმოჩნდა ეს პიროვნება შეუფერებელი, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება მან გამოიყენა შურისძიების მოტივით. საქართველოს და არამარტო საქართველოს, ალბათ მსოფლიოს სასამართლო პრაქტიკაში, დემოკრატიულ ქვეყნებს ვგულისხმობ, არ არსებობს პიროვნება ქრთამზე დაადანაშაულონ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს არის გაუგონარი ფაქტი. როგორც საქმეში არის, ამბობენ, რომ მე მალთაყვის ტყეში პარკით გადავეცი ფული ირაკლი კაკულიას, 30 000 ლარი და ეს ჩვენება საკმარისი იყოს პიროვნების ქრთამის აღებაში დასადანაშაულებლად და რვაწლიანი პატიმრობის მისასჯელად, ეს არის გაუგონარი ფაქტი. მაშინ საქართველოში საერთოდ საადვოკატო საქმიანობას აზრი ეკარგება. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაუქმებთ“, – განაცხადა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ.