ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინეს
ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ადვოკატი ედიშერ ქარჩავა უკვე ესაუბრა ირაკლი კაკულიას, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ჭორაობას ჰგავს და საფუძველსაა მოკლებული.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ირაკლი კაკულიას ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. ერთი შეხედვით, რაც ბრალს გავეცანი, ეს უფრო ვარაუდებზეა დამყარებული, ვინაიდან ბრალდების მიხედვით, რაც მე გადმომეცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ირაკლი კაკულიას მიმართ რაიმე პირდაპირი მტკიცებულებები იყოს“, – აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, ბრალკდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით, წარდგენილი ბრალდება სრულიად გავაბათილოთ. სამართლებრივი დავის გაგრძელებას ვგეგმავთ, ვეცდებით ირაკლისთან ერთად კვალიფიციურად, დასაბუთებულად დავამტკიცოთ, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო“, – განაცხადა ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ.