სასამართლო პროცესი
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მხარეების – პროკურატურის და ადვოკატების შესავალი სიტყვებით გაიხსნა. პროკურორმა ღარიბაშვილის დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ისაუბრა, ადვოკატებმა კი – განაცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უდანაშაულოა და ამას სასამართლოში დაამტკიცებენ. პროცესი, რომელიც დახურული იყო, დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საკუთარი ინიციატივით, საჯაროობის ინტერესის არგუმენტით გახსნა. ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრებოდა. შემდგომი სხდომა 1-ელ დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.