მუხაძის საქმე – უზენაესი სასამართლოს განაჩენი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, მეტსახელად „ქილერას“, უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის საჩივარი. საგამოძიებო უწყება ყოფილი მაღალჩინოსნისთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში, თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარის მიერ სწორედ სასჯელის დამძიმების ნაწილში გასაჩივრდა. „ამნისტიის შესახებ“ კანონით მუხაძეს სასჯელი 1/4 -ით შეუმცირდა და ის ციხეში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს. იგივე სისხლის სამართლის საქმეზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის ეპიზოდი ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. ამასთან, მეგის ქარდავას სისხლის სამართლის სხვა საქმეებზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე შეფარდებული აქვს.