ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა  
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა  

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს გუშინ საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, დღეს მისი ინტერესების დამცველმა, ედიშერ ქარჩავამ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

ქარჩავას განცხადებით ირაკლი კაკულია მზად არის, დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია. ის მიიჩნევს, რომ დაკავება მის წინააღმდეგ აგორებული ე.წ. შავი პიარის ნაწილია.

„ველოდებით გამომძიებელს, რომ გავეცნოთ ბრალის დადგენილებას, გავიგოთ, რას ედავება ამ შემთხვევაში სახელწიფო ირაკლი კაკულიას. ზოგადად, მისი დაკავება თუნდაც ამ ფორმით და ამ ეტაპზე, არის შეცდომა. ვფიქრობ, კანონის უზენაესობის აღსრულებას არ ემსახურებოდა მისი ამ ფორმით დაკავება. ვნახოთ, გადმოგვცემენ მასალებს და დარწმუნებული ვარ, ის ზოგადად გაცხადებული ბრალდებები და ბრალდების ფორმულირებები არ დადასტურდება მასთან მიმართებაში. თავად თავს გრძნობს კარგად. განმიმარტა, რომ მომართულია იმისთვის, დაასაბუთოს თავისი პოზიცია. მიაჩნია, რომ მის მიმართ რაც განხორციელებული გარკვეული ქმედებები, ის შავი პიარი, რაც აგორებულ იყო, ემსახურებოდა გარკვეული პირების ინტერესებს. კონკრეტულად ვის იტერესებს ემსახურებოდა, ვინ იქნა ამ კუთხით შეცდომაში შეყვანილი და რამდენად დასაბუთებულია მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ამას დრო, გადმოცემული მასალები გვაჩვენებს და სათანადო პასუხსაც გავცემთ“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.