ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებსს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ დაკავებულთა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ განაცხადა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

„ოფიციალურად დღეს წაუყენებენ ბრალს. ხვალ ზუგდიდში გაიმართება სასამართლო პროცესი და ამის შემდეგ გადაწყვეტს სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების რომელი სახე შეირჩევა, გირაო თუ პატიმრობა“, – აცხადებს ადვოკატი.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად ორი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. მანამდე ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოში იმყოფებოდნენ.

მათ ახლობლებსა და მეგობრებს არ სჯერათ ბრალდების, რომლითაც დაკავებულებს ედავებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფერი გაირკვევა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.