ირაკლი კაკულიას ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდა
ირაკლი კაკულიას ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდა

ფოთში დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას, რომელიც დაკავებულია, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე გია დარჯანია შეასრულებს. საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„საკითხი შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას დროებით უფლებამოსილების შეწყვეტას. ამის განხილვა დღეს მოხდა ფინანსური პოლიციის მოწერილობის საფუძველზე. სანამ საგამოძიებო მოქმედებები მდინარეობს და მოგეხსენებათ ორთვიანი რეჟიმია ამისთვის. ირაკლი კაკულიას დროებით შეუჩერდა თავმჯდომარის უფლებამოსილება. ორგანული კანონის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით მე შევასრულებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია დარჯანიამ.

ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად სამი პირი 8 ნოემბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 10 ნოემბერს შეუფარდა.

ამასთან, აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ შვიდი პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა – გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიას და გივი ბადაშვილს გირაო შეუფარდეს.