ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში დღეისათვის დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება. ადმინისტრაციის განცხადებით, ამის მიზეზი შენობაში არსებული მძიმე მდგომარეობაა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესი იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება და შენობის რეაბილიტაცია არ მოხდება.
,,მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, რათა დაცული იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება. რეალურად უამრავი პროექტი გვაქვს ჩაშვებული, რომლის გაჩერებას, რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება და ყველა ის პრობლემა, რომელიც ახლა ამ შენობაშია, არ მოგვარდება, ვერ მივიღებთ ვერც მაყურებელს და ვერ ჩავატარებთ ვერც ერთ ღონისძიებას“, – აღნიშნა თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ.
ფოთის თეტრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. შენობა ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
რამდენიმე დღის წინ ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.