შენობის ავარიულობის გამო, ფოთის თეატრი პრემიერას ხვალ კოლხური კულტურის მუზეუმში გამართავს
შენობის ავარიულობის გამო, ფოთის თეატრი პრემიერას ხვალ კოლხური კულტურის მუზეუმში გამართავს

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი საპრემიერო ჩვენებას ხვალ კოლხური კულტურის მუზეუმში მოაწყობს. სპექტაკლის სხვა სივრცეში ჩატარების მიზეზი ფოთის თეატრის შენობის ავარიულობაა.

თოჯინური სპექტაკლი მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლებისთვისაა გათვლილი.

„ერთმოქმედებიანი თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“ გააცოცხლებს დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორიას, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. სპექტაკლი ეძღვნება ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, თეატრი საკუთარ შენობაში ვერ ახერხებს პრემიერის გამართვას, არ წყვეტს შემოქმედებით მუშაობას. სპექტაკლიც ამ ნიშნით შეირჩა, ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე შეიძლება მისი დადგმა“, – აცხადებს პიესის ავტორი ელენე მაცხონაშვილი.

სპექტაკლში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის თეატრის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი ჯგუფის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.