ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თეატრში არავინ იმყოფებოდა.
როგორც თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია აცხადებს, მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა.
„დიდი ხანია, ვითხოვთ, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ აღნიშნული ვითარებით“, – აცხადებს თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე მივმართოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაზიანებული უბნების შეკეთებამდე და შენობის უსაფრთხოების დადგენამდე შეჩერდეს ფოთის თეატრში სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთის თეატრი იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე“, – აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.
მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით, არსებული პრობლემის შესახებ მერია ინფორმირებულია და პრობლემის დროულად მოგვარებას ხელს შეუწყობენ.
,,ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას თეატრში არსებული პრობლემების შესახებ. მივმართავთ კულტურის სამინისტროს და შევეცდებით, აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარებას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა.
ფოთის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. იგი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.